weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ქორწინება ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისებაა, რითიც პირუტყვისგან განვსხვავდებით – მეუფე შიო

17:13 სამშაბათი, 17 მაისი 2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ქაშუეთის ტაძარში ქადაგების დროს, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ეს სიწმინდე ოჯახისა, რატომ ვართ შეკრებილი. ეს არ არის მხოლოდ ის გრძნობები და დამოკიდებულება, რომელიც ოჯახის მიმართ გვაქვს, რომელიც წარმოიშობა ოჯახში. რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. მიზეზი გახლავთ ის, რომ თვითონ ოჯახია სიწმინდე. თვითონ ოჯახია ისეთი ფორმა ყოფიერების, რომელიც არ არის მოგონილი და დაწესებული ადამიანის მიერ, არამედ ღვთის მიერ არის მომადლებული ჩვენდამი“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, არიან წმინდა მამები, რომლებიც ასწავლიან, რომ ყოვლადწმინდა სამების ხატება ოჯახია.

„ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ წმინდა მეთოდიოს პატარელი, წმინდა ანასტასი სინელი და სხვები ამბობენ, რომ პირველი ოჯახი – ადამი და ევა და მათი შვილი ეს არის ხატება ყოვლადწმინდა სამების. ადამი, როგორც შექმნილი უშუალოდ ღმერთისგან, არის ხატება მამა ღმერთისა, რომელიც ასევე არ არის ვინმესგან შობილი, არამედ დაუსაბამოა და თვითონ არის მიზეზი ყოველივესი, შვილი ადამისა არის ხატება მხოლოდშობილისა ძისა მამისა, ძე ღმერთისა, ხოლო ევა, რომელიც შეიქმნა ადამისგან და გამოსული იყო ადამისგან, არის ხატება ყოვლადწმინდისა სულისა. აი, ასეთი საოცარი სწავლებაა! ამრიგად, ყოველი ოჯახი, შეიძლება ითქვას, რომ არის ხატება ღვთისა.

გარდა ამისა, მინდა ისიც გითხრათ, რომ

ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითიც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან.

არის რამდენიმე უმთავრესი ნიშან-თვისება: გონება, სიტყვა, რელიგია და ქორწინება. ამ მხრივ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება. როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს და როდესაც ადამიანი უარყოფს რელიგიას, ეს იმას ნიშნავს, რომ გონებასაც კარგავს და შესაბამისად, ისმის კითხვა: ასეთი ადამიანი შეიძლება იწოდოს სრულყოფილ ადამიანად?

ამრიგად,

დღეს ჩვენ ვიცავთ ამ სიწმინდეს. დღეს დადგა ეს საჭიროება. ჩვენს წინაპრებს არასდროს ჰქონიათ ასეთი საჭიროება, იმიტომ რომ თავისთავად იგულისხმებოდა ეს ყველაფერი.

ჩვენ კი არ აღვადგენთ რაიმე ძველს, ჩვენს მამა-პაპათა მიერ მოგონოლს წესს, არამედ უშუალოდ ღვთის მიერ მოცემულს და ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მომავალში, სადაც თუ დაიკარგება ეს უწმინდესი ღირებულება, მაშინ ჩვენი ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა 2014 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]