weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

არავის მივცემთ სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების შესაძლებლობას – მეზვრიშვილი

17:35 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შსს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად არის მობილიზებული.

როგორც მეზვრიშვილმა თქვა, პოლიცია მზად არის, ისევე წარმატებით დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, როგორც პირველი ტურის დროს.

„მიუხედავად პოლიტიკურად აქტიური წინასაარჩევნო პროცესისა, პოლიციის მუშაობის შედეგად, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, დანაშაულის ფაქტები ეფექტიანად იქნა აღკვეთილი და თავიდან აცილებული, რისთვისაც გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს. პოლიცია დაუყოვნებლივ ახდენდა რეაგირებას დანაშაულის ფაქტებზე. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური, ასევე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები ხშირად ფასდებოდა, როგორც პოლიტიკური მოტივით ჩადენილი, რაც გამოძიების შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, არ დადასტურდა.

ამასთან, პოლიტიკური მოტივი გამოიკვეთა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, სადაც დადგა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურმა ტემპერატურამ განსაკუთრებით იმატა რეგიონებში. უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში - სამეგრელოსა და შიდა ქართლში, სადაც მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ხვალ, ისევე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებული. ასევე, დღის განმავლობაში საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობისას პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

არავის მივცემთ სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების შესაძლებლობას და სრული სიმკაცრით დავიცავთ კანონს. არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი. კანონის დამრღვევი ყველა პირის მიმართ მიდგომა იქნება თანაბრად მკაცრი. 

პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნები 3 703 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. 28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]