weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

არჩევნების სავალალოდ დამთავრებაში საპატრიარქომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა – ნათელაშვილი

12:22 კვირა, 02 დეკემბერი 2018

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის შეხვედრას, სადაც ილია მეორემ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ, „დამარცხებულმა მხარემ არ ცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა“.

„მოდით რა, თავს ნუ მოვიტყუებთ და ნურც ღმერთთან შევცოდავთ ფარისევლობით, ვაღიაროთ, რომ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა.

სწორედ ამიტომაა რომ ამერიკის ახლადმოვლენილი ელჩი შეხვდა არა პოლიტიკურ ძალებს, არამედ უპირველესად ეწვია პატრიარქს. საპრეზიდენტო არჩევნების ამგვარ სავალალოდ დამთავრებაშიც კვლავ შეიტანა განსაკუთრებული წვლილი ამ ინსტიტუტმა. ჩვენი სულების გადარჩენაზე ლოცვის ნაცვლად მამაოები ივანიშვილის გადასარჩენად კარდაკარ დაიარებოდნენ, მრევლი მათთვის კაი ხანია ამომრჩეველია“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

გარდა ამისა, შალვა ნათელაშვილმა გააკრიტიკა 2008-2009 წლებში ეკონომიკური განვითარების მინისტრის და ამჟამად პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად შესაძლო დანიშვნა.

„საპატრიარქოს ჩინოვნიკმა ჟვანიამაც დაირტყა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეფის პოსტი. მე მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებს - რა განსხვავებაა ირანის აიათოლათა რეჟიმსა და საქართველოს შორის“, – აღნიშნავს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კათოლიკოს-პატრიარქი როს უილსონს 30 ნოემბერს შეხვდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საპრეზიდენტო არჩევნებიც შეაფასეს.

„არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ. დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]