აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ გუგუტიანთკარის მცხოვრებლებს ართმევენ მთელი ცხოვრების მონაგარს და საზოგადოებას ორად ყოფენ.
„აქაურობა სავსეა ულამაზესი ხილის ბაღჩებითა და გასაოცარი ხალხით. დღეს განსაკუთრებით გულსატკენი იყო იმის ხილვა, როგორ ითვისებენ რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ხალხის მიწებსა და სახლს, მათ ხომ მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრება სურთ. ამ ადამიანებს ართმევენ მთელი ცხოვრების მონაგარს და საზოგადოებას ორად ყოფენ. ამის ფონზე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო გუგუტიანთკარელების მტკიცე გზავნილების მოსმენა ერთობასა და საქართველოს კეთილდღეობაზე.
დღეს გუგუტიანთკარის ხალხის გვერდით ამაყად ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას“, – განაცხადა აშშ-ის პრესის და ინფორმაციის ატაშემ.
დღეს, 16 აგვისტოს, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთი ციხელაშვილთან ერთად გუგუტიანთკარში დიპლომატები იმყოფებოდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი საელჩოს წარმომადგენელი იმყოფებოდა ადგილზე, თუმცა მისი თქმით, გუგუტიანთკარში იმყოფება არაერთი საელჩოს პირველი ან მეორე პირი, რომლებიც ამჟამად საქართველოში არიან.
სოფელ გუგუტიანთკარში ორი დღეა საოკუპაციო ძალები ღობეებს ავლებენ, რის გამოც, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახი სახლსა და მიწის ნაკვეთებს კარგავენ. ოკუპანტების მიერ სამუშაოების განახლების შემდეგ, გივი (გიორგი) რაზმაძემ საკუთარი სახლის დაშლა დაიწყო. ამჟამად რაზმაძეების ოჯახი გორში ცხოვრობს, გუგუტიშვილები კი გუგუტიანთკარში დარჩნენ და საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდნენ. როგორც „რეგინფოს“ მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მერის წარმომადგენელმა, რუსუდან კილაძემ განუცხადა, მართალია რაზმაძეები და გუგუტიშვილები ომის დროს დაზიანებულ სახლებში აღარ ცხოვრობდნენ, მაგრამ სახლებთან ახლოს მდებარე ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ.