weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნამახვანჰესის აქციაზე ქვეყნისთვის საზიანო მოტივები დომინირებდა – ბოკერია 

18:30 ოთხშაბათი, 03 მარტი 2021

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ლეგიტიმური წუხილები და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა არ გახდეს ნაწილი უფრო დიდი დღის წესრიგის, რომელიც აქვთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მტრებს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან აქციაზე კომენტირებისას. 

ბოკერიას თქმით, ეჭვი არ შეაქვს რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების ნაწილის გულწრფელობაში, თუმცა 28 თებერვალს ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ქვეყნის მომავლისთვის საზიანო და სახიფათო მოტივები დომინირებდა. მან ამის მაგალითად თურქოფობიური განცხადებები დაასახელა.

„თავისთავად, არა მხოლოდ დიდ ჰესებზე, არამედ ნებისმიერ დიდ პროექტზე, რომელიც საზოგადო სიკეთეს შეეხება, ლეგიტიმურია დისკუსია სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით - ადამიანის კერძო საკუთრებასთან და საჯარო სიკეთესთან მიმართებაში. ეს არ არის მარტივი საკითხი. დალაგებულ ლიბერალურ დემოკრატიებშიც კი ლეგიტიმური დისკუსიის თემაა. ასევე, ყოველთვის ლეგიტიმური დისკუსიის თემაა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, შიშები, კითხვები გარემოსდაცვით საკითხთან დაკავშირებით, ოღონდ, აშკარა, არა ექსტრემისტული. ეს ყველაფერი პოლიტიკური განხილვის საგანია.

მე ეჭვი არ შემაქვს აქტივისტების ნაწილის გულწრფელობაში, რომლებსაც ამ ტიპის საკითხები აწუხებთ, მაგრამ ამის მიღმა, ჩემი აზრით, იწყება ძალიან სახიფათო, ქვეყნის მომავლისთვის და მე ვიტყოდი, თავისუფლებისთვის საზიანო მოტივები, რომლებიც, მე როგორც მომეჩვენა, დომინირებდა იქ. ეს არის ქსენოფობია – „უცხოელები მოდიან და ქართველობას გვართმევენ თურქები“, „სამშობლო დავიცვათ“ და ა.შ.

ეს ძალიან საზიანო, რუსულ პროპაგანდასთან ჰარმონიაში მყოფი თემებია, რომლებიც არც მყისიერად და არც მომავალში, არც პრაქტიკულად და არც მორალურად, არაფერ კარგს არ მოგვიტანს იმიტომ, რომ ფუნდამენტურად ძალიან არასწორ ინსტიქტებს ემყარება და აღვივებს. ადამიანების ნაწილი, ვინც იქ ჩანდნენ, სწორედ ამ იდეების მატარებელია, რომელიც ფუნდამენტურად თავისუფლებისა და ამ ქვეყნის მომავლის საწინააღმდეგოა“, – განაცხადა ბოკერიამ გადაცემაში „პოლიტიკური აგორა“.

ბოკერიას მიაჩნია, რომ დიდი ჰესების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, იაფი ელექტროენერგიის მიღება და ეკონომიკის განვითარება. 

„პრაქტიკული თვალსაზრისითაც უნდა გვესმოდეს, 

როდესაც ვლაპარაკობთ, რომ გვინდა ეკონომიკა განვითარდეს, სიღარიბე ამხელაა, ეკონომიკური სტაგნაცია იყო კოვიდამდეც (ახლა ხომ საერთოდ), გვინდა, რომ ელექტროენერგია არ იყოს ძალიან ძვირი და ამავე დროს, არ გვინდა დიდი ჰესები, არ გვინდა ატომური სადგურები, არ გვინდა რუსეთზე დამოკიდებულება, მაგრამ გვინდა იაფი დენი, ასე ვერ ხდება.

ჩემი შეზღუდული ცოდნით, ყველა სხვა ალტერნატივასთან შედარებით, ჰესები ყველაზე უსაფრთხოა და ეკოლოგიურადაც ყველაზე უფრო სუფთაა. 

მითი იმის შესახებ, რომ მცირე ჰესებით მოხდება ამ მოთხოვნილების, ჩვენი ეკონომიკის თავისუფლების და განვითარების დაკმაყოფილება - ეს მეტნაკლებად შესწავლილი მაქვს და ისტორიის ამ ეტაპზე, ეს არის სიცრუე იმიტომ, რომ ძვირი გამოდის. ასევე, ის, რომ მომავალში (შესაძლოა, ახლო მომავალში), როდესაც ალტერნატიული ენერგიის ტექნოლოგიები განვითარდება, აღმოჩნდება დამაკმაყოფილებელი, ამ მომენტისთვის მითია. ისიც ძალიან ძვირია და ვერავინ ვერ გადაიხდის ამ ფულს, თუ ძალიან მდიდარი ქვეყანა არ არის. 

რაც შეეხება უფრო გლობალურ თემას - ადამიანის მიმართებას ბუნებასთან, აქ ორიგინალური ვერ ვიქნები: ხომ უნდა გვესმოდეს, რომ მათ შორის, ცივილიზაციის გაჩენა და განვითარება იყო კლიმატის შემცვლელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ არსებობს ობიექტური მონაცემები იმაზე, თუ რა არის საზიანო ჩვენი ყოფისთვის და გარემოსთვის დღეს ან გრძელვადიანად, არ გადადგა ნაბიჯები ამის შესაკავებლად. უნდა გადადგა, ოღონდ ექსტრემიზმში არ უნდა გადავარდე. 

ბუნება ხელუხლებელი იყო, როცა ქალაქები არ არსებობდა. მე არ მგონია, რომ გვსურს იქ დაბრუნება“, – ამბობს გიგა ბოკერია.

28 თებერვალს ქუთაისში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს. აქციის შემდეგ შეჩერებულია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც „ენკა“ მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 80-მდე აქტივისტი სოფელ ნამოხვანში 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]