სალომე ზურაბიშვილმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ევროკავშირიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო, რომელიც, მისი აზრით, „საკმარისად ვერ გავიაზრეთ და ვერც დავაფასეთ“.
„ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში - ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის. ასეთი ჟესტი საქართველოს არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით ომის მძიმე პერიოდს. მინდა აქ საჯაროდ და მთელი საზოგადოების სახელით, რომელიც ზოგჯერ პოლიტიკურ ელიტაზე უკეთ აცნობიერებს თუ რამდენად ამ ქვეყანას სჭირდება თავისი მეგობრების გვერდში დგომა, მინდა მადლობა მოვახსენო ევროპელ და ამერიკელ ფასილიტატორებს და ვარწმუნო ისინი, იმაში რომ მათი ძალისხმევა ტყუილად არ ყოფილა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია – დათმობაზე უნდა წასულიყო.
„სამწუხაროდ, არცერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და, შეიძლება კიდევაც, ვაჟკაცობა.
ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სატბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“ და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება.
ოპოზიციას კი - იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური ერთადერთი მისაღები გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით. პარლამენტში, სადაც იხსნება ოპოზიციური საქმიანობის არნახული შესაძლებლობები მათთვის, ვისაც რეალურად პოლიტიკური მოღვაწეობა სურთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული წინადადება დაბალანსებული კომპრომისის საშუალებას იძლევა.
„ამ ტექსტს მე პირადად სრულად ვუჭერ მხარს და დღეს 9 აპრილის სულისკვეთების მაგალითზე, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.