weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პრეზიდენტი არ ეთანხმება შეფასებას, რითაც „ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება ახსნა

22:41 სამშაბათი, 03 აგვისტო 2021

„ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციის ნაწილთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. პრეზიდენტის თქმით, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომლებსაც ის ეფუძნება, ამოწურული არაა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური იყო, რადგან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, კავკასიასა და ზოგადად ევროკავშირის ახლო სამეზობლოში, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის რეალური ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის. ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ,  ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ!

მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ  კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის „ანულირებაზე“.

„თუმცა დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელ ხაზებს ხელმოწერამდე ავლებენ!

მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც ვუჭერ მხარს!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ პარტიებს, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს,  მის საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში და ქმნიან მოდელს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი.

„მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება  შეასრულა: პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში, მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი (დიდი იმედი მაქვს, რომ ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა).  ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არ მოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია!

ამდენად, არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას.  დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება.

ეს არის უალტერნატივო გზა, სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

28 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების დოკუმენტი. შეთანხმებას „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროკავშირის ჩართულობით თითქმის ორთვიანი მედიაციის შემდეგ, 19 აპრილს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

ირაკლი კობახიძემ დოკუმენტის ანულირება იმის ახსნა, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც მისი მთავარი მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება არ შესრულდა. ამასთან, კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა, თუმცა, ხელმოწერიდან 100 დღის თავზე მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამორიცხავს 19 აპრილის შეთანხმებასთან დაბრუნებას. როგორც ის ამბობს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 3%-იც რომ მიიღოს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაინც არ დაინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]