weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის – დეგნანი საარჩევნო ბარიერზე 

16:23 ხუთშაბათი, 02 დეკემბერი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა კონსტიტუციურ კანონის პროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაში, მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი 2%-მდე დაიწევს. 

დეგნანის თქმით, სამწუხარო იქნება, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ცვლილებებს, რომელზეც ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის „ქართული ოცნება“, შეთანხმდა. 

„როგორც ჩანს, ზოგს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს. ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. უფრო მეტიც, ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის რისკს. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვითაც, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი დადებითი შედეგი იყო ის, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერის გამო ცხრა ძალიან განსხვავებულ პარტიას მიეცა პარლამენტში შესვლის საშუალება. 

თუ ამჟამინდელი 5%-იანი ბარიერი შენარჩუნდება, სავარაუდოდ, მხოლოდ ორმა ან სამმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება გადალახოს ბარიერი მომდევნო არჩევნებზე. 

ეს არ არის ის ტრაექტორია, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტში უფრო მეტ მრავალფეროვნებას, მეტ პლურალობას, რაც საშუალებას მისცემს მეტი ქართული შეხედულებების წარმოდგენას პარლამენტში, რასაც საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი პოზიტიურად აფასებდა. ეს არის ის, რასაც საქართველოს საერთაშორისო ექსპერტები ურჩევდნენ. ასე რომ, ვფიქრობ, სამწუხარო იქნება, თუ არ განხორციელდება საქართველოსთვის ის პოზიტიური ნაბიჯი, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელება ოპოზიციის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. 

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ოპოზიციურ სპექტრში არსებობს სურვილი, რომ არსებული პოლარიზებული გარემო დასრულდეს. თუ ისინი აჩვენებენ ამ სურვილს, ჩვენ შეიძლება ერთი გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ ვერ აჩვენებენ - სხვა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ის მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს და აცხადებს, რომ 2024 წლიდან 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ამოქმედდება.

„როცა არ უნდა მივიღოთ ცვლილებები, ხვალ იქნება, ზეგ, საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სესიაზე, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს აუცილებლად 2024 წლიდან, ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება არც თეორიულად და არც პრაქტიკულად“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციისთვის შეთავაზებული შეთანხმების (ე.წ. 19 აპრილის შეთანხმება) დებულებების საქართველოს კონსტიტუციაში ასახვას უზრუნველყოფს. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 2%-ს მაინც მიიღებენ.

 

ამ თემაზე:

საკონსტიტუციო ცვლილებები რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება – კობახიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]