weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვარ, ქალბატონი კელი არაა ექსპერტი – კობახიძე 

18:55 ხუთშაბათი, 02 დეკემბერი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში 5%-იანი ბარიერი და პროპორციული საარჩევნო სისტემაა, თუმცა იქ ტირანია არ ყალიბდება.

„კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი და უფრო დაბალპროცენტიანი ბარიერი ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში ტირანია არ ყალიბდება. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი თავად არაა ექსპერტი.

რაც შეეხება პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას, ამას უზრუნველყოფს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც, საქართველოს ისტორიაში პირველად, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა და 2024 წლიდან ამოქმედდება. 

ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც ამოქმედდება 2024 წელს და ის სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემაა, სწორედ 5%-იანი ბარიერი მოქმედებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის განაახლოს მსჯელობა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, თუმცა ამას თავისი წინაპირობა აქვს. 

„წინაპირობა არის ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იჯდეს პარლამენტში და ჩვენ გვჭირდება განგრძობითი მტკიცებულება, რომ მათ სურთ დღის წესრიგის შეცვლა და დადებითი წვლილის შეტანა ახალ დღის წესრიგში, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენს ქვეყანაში. თუ ამას გააკეთებენ და დაამტკიცებენ განგრძობითი ფორმით და სახით, მყისიერად განახლდება დისკუსია ბარიერთან დაკავშირებით. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ დამატებით ხელს ვერ შევუწყობთ პოლარიზაციას“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან. 

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს კომენტარი გააკეთა კონსტიტუციურ კანონის პროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაში, მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი 2%-მდე დაიწევს. მისი თქმით, თუ პარლამენტი ცვლილებებს არ მიიღებს და ამჟამინდელი 5%-იანი ბარიერი შენარჩუნდება, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მისი გადალახვას სავარაუდოდ მხოლოდ ორი ან სამი პოლიტიკური პარტია შეძლებს.

„როგორც ჩანს, ზოგს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს. ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. უფრო მეტიც, ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის რისკს. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვითაც, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი დადებითი შედეგი იყო ის, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერის გამო ცხრა ძალიან განსხვავებულ პარტიას მიეცა პარლამენტში შესვლის საშუალება“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, სამწუხარო იქნება, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ცვლილებებს, რომელზეც ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის „ქართული ოცნება“, შეთანხმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]