პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, ხოლო გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა. „კონსერვატიული მოძრაობის“ იურდიულ მისამართად ქალაქი ფოთი, ლარნაკას ქუჩა N3 არის მითითებული.
20 ნოემბერს, ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა პლატფორმამ, „ალტ-ინფომ“ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა. დამფუძნებელ ყრილობაზე თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს, ხოლო პოლიტსაბჭოს წევრებად ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია.
მახარაძის განცხადებით, „კონსერვატიული მოძრაობის“ ამოცანაა, საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის ნაცვლად, ქრისტიანული დემოკრატია დაამყაროს. მან მთავარ პრობლემებად უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და დემოგრაფია დაასახელა, მათ გადაჭრის გზად კი „რუსეთთან ურთიერთობის დალაგება“.
შპს „ალტ-ინფოს“, რომელიც სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ჰომოფობიურ, ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ნარატივებს ავრცელებს, კომუნიკაციების კომისიისგან მაუწყებლობის ავტორიზაცია აქვს მინიჭებული. ეს ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზებაში. მომიტინგეებს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მისვლისკენ „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ მოუწოდა, ზურაბ მახარაძე კი 6 ივლისის კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ელჩები „თავიანთ საელჩოებში უნდა დაეტიონ“.
ამ თემაზე:
თუ „ალტ-ინფოს“ პარტიას დაარეგისტრირებენ, გაუქმებას საკონსტიტუციოში მოვითხოვ – ნაცვლიშვილი