weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ძალიან ცალსახა იყო წამების კვალი“ – ხოშტარია სააკაშვილთან შეხვედრაზე 

17:46 სამშაბათი, 07 დეკემბერი 2021

პარტია დროას დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ცალსახად ეტყობა წამების კვალი. 

როგორც ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, სადაც გუშინ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით და განცდებით გამოვიდა.

„მასთან საუბარი ძალიან საინტერესო იყო, დაცლილი აგრესიისგან, რეფლექსია წარსულზე და მომავალზე. თავი ძალიან კარგად ეჭირა, მაგრამ ძალიან ცალსახა იყო წამების კვალი. წამებაა, რაც მან გაიარა და არაადამიანური მოპყრობა. რადგან მეც გავდივარ შიმშილის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს, და მან ჩემგან განსხვავებით დამატებით უამრავი შეურაცხყოფა გამოიარა, ზუსტად ვიგრძენი მისი მდგომარეობა. ძალიან რთულია ეს პროცესი. ორგანიზმის გამოღვიძება ბევრად უფრო რთულია. ასე არაა - დაიზიანე, მორჩი და აღდგა. ხოდა დავითრგუნე იმისგან, რომ წარმოვიდგინე რამხელა უფსკრულია ხალხის აღქმასა და რეალობას შორის“, – ამბობს ელენე ხოშტარია.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა პირველ რიგში მათი შეურაცხყოფაა, ვინც მისი მმართველობის დროს დაიჩაგრა და სამართალს ეძებს. 

„სამართლიანობის ამ სტანდარტის დამკვიდრება, შურისძიების სამართლიანობად გასაღება ანგრევს და დაანგრევს ჩვენ საზოგადოებას. თან ეს სახელმწიფოს დონეზე ხდება. უმძიმესი ტვირთია ჩვენი სინდისისთვის ის, რაც მის თავს ხდება. 

ერთ ჩემ მეგობარს, რომელიც გახარიასგან არის დაჩაგრული, ვუზიარებდი ჩემ ემოციებს და პირველი რაც თქვა, ღმერთმა დამიფაროს გახარია როდისმე ამ მდგომარეობაში ჩააგდონო. მეც ზუსტად ეს წარმოვიდგინე, ვთქვათ, ღარიბაშვილი ან ბიძინა ვნახო ასე უფლება გათელილი, გული გამისკდება და თავს ვერ ვაპატიებ. 

თუ არ გავაჩერეთ ეს ურთიერთგანადგურების საშინელი წრე, თუ არ დავნერგეთ სამართლიანობის სტანდარტი, სადაც პასუხისმგებლობა სამართალს და არა შურისძიებას ეფუძნება, საერთოდ არაფერს აზრი არ ექნება ამ ქვეყანაში. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ მშვიდად შევძლებთ ცხოვრების გაგრძელებას. 

30 წლისთავზე, იმ უბედურებების მერე, რაც გამოვიარეთ თუ ამ წერტილის საფრთხეს ვერ აღვიქვამთ კიდევ 30 და მეტი უბედურებაში ვიცხოვრებთ“, – წერს ელენე ხოშტარია. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ ცნობილია ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაპატიმრების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. ამის შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა და ახლა რეაბილიტაციას გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]