weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა – პროკურორი 

13:46 ხუთშაბათი, 09 დეკემბერი 2021
მიხეილ სააკაშვილი თბილისში დაკავების დღეს მიხეილ სააკაშვილი თბილისში დაკავების დღეს

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკშვილს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში, მათ შორის, უკრაინის ტერიტორიაზე, წინა ხელისუფლების პერიოდიში საქართველოს ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი ეხმარებოდა.

პროკურორმა ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე გააკეთა, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნის ვინაობა არ დაასახელა. 

„საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, დეტალურად არის დადგენილი, მათ შორის, უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე, ვინ ეხმარებოდა. ეს იყო წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საკითხში ეხმარებოდა“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, ბექა ბასილაიას მიაჩნია, რომ საქმეს „იურიდიული განზომილება“ არ აქვს და სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლა პოლიტიკური აქტი იყო. 

„მესამე პრეზიდენტი იყო ქართული ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ დევნილი. სამშობლოში მისი დაბრუნების გზა არის ლეგალური, მთავარია, ეს გზა ყოფილიყო მშვიდობიანი. მიხეილ სააკაშვილმა აირჩია უაღრესად მშვიდობიანი გზა, რომ ხელისუფლებას არ მისცემოდა სპეკულაციის, მანიპულაციის და პროვოკაციის შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, რომ ქართველ ხალხს დაეხმაროს ოლიგარქიული მარწუხებიდან განთავისუფლებაში“, – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

მიხეილ სააკაშვილი დღევადელ პროცესს არ ესწრება - როგორც თავად განმარტავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 

პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ის ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა. სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით ბრალდება კი 20 ოქტომბერს წარუდგინეს.

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ოთხი ადამიანია დაკავებული – ელგუჯა ცომაია, გიორგი ნარიმანიძე, მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ მძიმე დანაშაულის დაფარვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ედებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]