კალაძის თქმით, ერიკა ოლსონის განცხადებების შესახებ არაფერი იცის.
„ვინ არის, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?! თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ იყო. არ ვიცი, საერთოდ რაზე საუბრობთ. ვის შეხვდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებთ, არ ვიცი საერთოდ“, – განაცხადა კალაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, ერიკა ოლსონმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ზოგიერთი დემოკრატიული პროცესი დააზიანა.
„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და როგორც ახლო პარტნიორებს გვსურს, დავეხმაროთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რაც თავად გადაწყვიტეს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ვწუხვართ, რომ მთავრობის ქმედებებმა დააზიანა ზოგიერთი ეს დემოკრატიული პროცესი. მმართველმა პარტიამ აიღო სასამართლო და საარჩევნო რეფორმების ვალდებულება და ჩვენ ნამდვილად გვინდა დავინახოთ ამ ვალდებულებების შემდგომი შესრულება“, – განაცხადა ოლსონმა.
მისივე თქმით, აშშ-ს გაუმართლა, რომ თბილისში ძალიან ძლიერი ელჩი ჰყავს.