როგორც დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, ღია კენჭისყრა ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობას და გამორიცხავს სხვადასხვა პარტიის მხრიდან სპეკულაციებს.
„სამწუხაროდ, „ოცნება“ არჩევნების შემდეგაც აგრძელებს უკანონო მეთოდების გამოყენებას - მოსყიდვითა და შანტაჟით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ ცდილობს საკრებულოებში უმრავლესობის შექმნას. ვიხილეთ ფარული მოლაპარაკებები, ადგილობრივი წარმომადგენლების მოსყიდვის, დაშინების და გატაცების ფაქტებიც კი.
ჩვენმა გუნდმა, როგორც კი არჩევნები დასრულდა, პირველ ორ ადგილზე გასულ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე მოლაპარაკებები შესთავაზა, თუმცა „ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ძალაუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროს, ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უგულებელყოფა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთის მხრივ სააშკარაოზე გამოვიდეს „ოცნების“ უკანონობა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები გამოირიცხოს და გაიზარდოს საკრებულოს წევრთა კეთილსინდისიერების, მათი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის ხარისხი, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა წარვადგინეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ღია კენჭისყრით, მათ შორის, როდესაც ეს გადაწყვეტილება ეხება პირის თანამდებობაზე არჩევას, გადაყენებას თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტას.
ვითხოვთ ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, ვინაიდან ახალარჩეული საკრებულოების მიერ სწორედ ახლა მიმდინარეობს თანამდებობის პირთა არჩევის პროცედურები. შესაბამისად, მივმართავთ, პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ უზრუნველყოს ინიცირებული კანონპროექტის დროულად განხილვა ბიუროს მიერ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
9 დეკემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოპოზიციურ საკრებულოში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ჯუმბერ იზორიას 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი მაშინ, როდესაც მმართველ პარტიას მხოლოდ 12 წარმომადგენელი ჰყავს. ფარული კენჭისყრის შემდეგ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიას პარტიის წევრებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში.