weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„არ დარჩება უპასუხოდ“ – რუსეთის ელჩი ხანგოშვილის საქმის ვერდიქტზე 

18:03 ოთხშაბათი, 15 დეკემბერი 2021

გერმანიაში რუსეთის ელჩის, სერგეი ნეჩაევის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ბერლინის უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არაობიექტური და პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც უპასუხოდ არ დარჩება.

ნეჩაევის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.

„მიღებული ინფორმაციით, 2021 წლის 15 დეკემბერს გერმანულმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზების უკან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები იდგნენ. მივიჩნევთ, რომ ეს ვერდიქტი არაობიექტური, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, სერიოზულად ამძიმებს ისედაც რთულ რუსულ-გერმანულ ურთიერთობებს. მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში აბსურდულ თეზისს, დანაშაულთან რუსეთის ფედერაციის კავშირის შესახებ, მეთოდურად ახვევდნენ თავს საზოგადოებას, ეს ერწყმოდა საერთო ანტირუსულ ფონს, თუმცა, საბოლოოდ, არ დადასტურდა დამაჯერებელი მტკიცებულებებით“, – განაცხადა ნეჩაევმა.

მისივე თქმით, სულ მიცრე უცნაურია, რომ სასამართლომ მტკიცებულებებად მიიღო რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოურ აგენტებად გამოცხადებული „ანგაჟირებული პლატფორმების“ Bellingcat-სა და Insider-ის „ფსევდოგამოძიებები“, ასევე, „უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული ე.წ. მოწმის ჩვენებები და სხვა ვარაუდები“. 

„მსგავსი შედეგი ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, წარმოადგენს აშკარად არამეგობრულ აქტს და არ დარჩება უპასუხოდ“, – ამბობს რუსეთის ელჩი.

სერგეი ნეჩაევი აღნიშნავს, რომ განაჩენის გამოსაცხადებლად დრო შემთხვევით არ იქნებოდა შერჩეული და არ გამორიცხავს, რომ „ვიღაც დაინტერესებულია, რუსეთსა და გერმანიის ახალ მთავრობას შორის დიალოგს თავიდანვე ჩრდილი მიადგეს“.

დღეს, ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ფედერალური პროკურატურის მოთხოვნა და საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, განაჩენში მითითებულია ბრალის განსაკუთრებულ სიმძიმეზე, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ გათავისუფლებას.

ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობიდან იყო. ის ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ამის გამო, ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მხრიდან განიხილებოდა როგორც მტერი და მისი ლიკვიდაცია მოხდა. რუსეთის ხელისუფლება მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

ხანგოშვილი საქართველოდან გერმანიაში 2015 წელს, მასზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ გაემგზავრა და თავშესაფარს ითხოვდა. ის ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მკვლელი – რუსული პასპორტის მიხედვით, ვადიმ სოკოლოვი – იმავე დღეს დააკავეს. 

2020 წლის ივნისში გამოცემებმა Bellingcat-მა, Der Spiegel-მა და The Insider-მა გამოაქვეყნეს ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, ვადიმ სოკოლოვი სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი რუსეთის სპეცსამსახურებისგან ჰქონდა. 

ბერლინის უმაღლესი სასამართლო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს 2020 წლის ოქტომბრიდან განიხილავდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]