weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ ცესკოს წევრების არჩევის წესის შეცვლისთვის აკრიტიკებს 

14:54 შაბათი, 18 დეკემბერი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების/თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლას გამოეხმაურა. საელჩოს შეფასებით, ეს კიდევ ერთი ნაჩქარევი და არასაჭირო გადაწყვეტილებაა, რომელიც დაშორებულია „ქართული ოცნების“ მიერ ნაკისრი ვალდებულებებისგან. 

„პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს. 

ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო, ოდირის დიდი ხნის არსებული რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის“, – ნათქვამია საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მიაჩნია, რომ იმისთვის, რომ საქართველოს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ, ისინი უნდა ენდობოდნენ ცენტრალური საარჩრევნო კომისიის წევრების მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობასა და კვალიფიკაციას. 

„სწორედ ამას ისახავდა მიზნად წინა, კონსენსუსზე დაფუძნებული პროცედურა, რომელზეც მმართველი პარტია და ოპოზიცია შეთანხმდა, სანამ ეს წესი პროცესის ბოლოს შეიცვალა ინკლუზიური კონსულტაციის გარეშე.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პარლამენტში, სამოქალაქო საზოგადოებას, პრეზიდენტსა და მის გუნდს ერთობლივი მუშაობისკენ ყველაზე მაღალკვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კანდიდატებზე მრავალპარტიული კონსენსუსის მისაღწევად ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ პოზიციების დასაკავებლად, რომლებიც თებერვალში გახდება ვაკანტური“, – აცხადებს საელჩო.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ დაჩქარებული წესით დაამტკიცა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ცესკოს წევრების/ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი მარტივდება. 

ახალი წესის მიხედვით, თუ ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ასარჩევად გამართული კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას კი არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კენჭისყრებს შორის დროის მინიმალური მონაკვეთი არ დგინდება, მაშინ, როდესაც მოქმედი რეგლამენტი კენჭისყრის არანაკლებ 4-კვირიანი შუალედით ჩატარებას ითვალისწინებს. 

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის ასარჩევად პარლამენტის მიერ 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში გამართულმა კენჭისყრებმა და იმ დროს მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ცხადყო, რომ კენჭისყრის მოქმედმა წესმა კანდიდატების საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, კონსენსუსით არჩევის წახალისება ვერ უზრუნველყო და მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. 

ცესკოს ახლანდელი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და ორი წევრი 6 თვით არიან არჩეული და მათ უფლებამოსილების ვადა 2022 წლის თებერვლის დასაწყისში ამოეწურებათ. 

ცვლილებების მიღების მიზეზად სახელისუფლებო პარტია ასახელებს იმ გარემოებას, რომ მაისში, რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის წევრის შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავდნენ, ძველი წესის არსებობის პირობებში, შესაძლებელი იყო, რომ ცესკომ ეს არჩევნები დაენიშნა და საარჩევნო ღონისძიებები ჩაეტარებინა თავმჯდომარისა და ცალკეულ წევრთა არარსებობის პირობებში, რაც „არღვევს ცესკოს, როგორც ინსტიტუტის, ჯეროვანი ფუნქციონირების უწყვეტობის პრინციპს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]