weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„გაზრდილია ექიმის ოჯახში“ – პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დანიშნა 

11:39 ორშაბათი, 27 დეკემბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დანიშნა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ზურაბ აზარაშვილის გამოცდილების შესახებ გააკეთა განცხადება. 

„ბატონი ზურა გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი მენეჯერი, ძლიერი მენეჯერი. ამაში ჩვენ თავად დავრწმუნდით, როდესაც მე თავდაცვის მინისტრი ვიყავი. ბატონი ზურა მაშინ იყო „დელტას“ ხელმძღვანელი, ასევე „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ა.შ.“– განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილი „უაღრესად წესიერი და განათლებული“ ადამიანია.

„იგი გაზრდილია ექიმის ოჯახში. რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშეა. იგი არის ხუთი შვილის მამა და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული მინისტრი იქნება.

მინდა აღვნიშნო, ზოგადად, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი უზარმაზარი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას. მთელი სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 6 მილიარდი ლარია - მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედი. ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდებოდა და ვფიქრობ, რომ ასეთია ბატონი ზურაბი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან 9 დეკემბერს გადადგა. როგორც მან განაცხადა, მუშაობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს და „იქიდან გააძლიერებს ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემებს“. ტიკარაძის თანამდებობის დატოვების მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად მასსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება სახელდება. 

თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ხემძღვანელი წლების განმავლობაში ბანკებში მუშაობდა, მათ შორის, 2003-2008 წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართუ ბანკის“ თანამშრომელი იყო, სადაც პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა. 2008-2014 წლებში ის „სტანდარტ ბანკში“ მუშაობდა, 2014-2020 წლებში კი „ტერაბანკის“ კომერციული დირექტორი იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, 2020 წლის მარტში, ზურაბ აზარაშვილი ჯერ სახელმწიფო კომპანია „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი გახდა, ხოლო შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადასვლის შემდეგ, 2021 წლის თებვერვლიდან ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]