weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ღარიბაშვილმა თოლორაიას „მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში“ დასაქმება შესთავაზა 

11:17 სამშაბათი, 28 დეკემბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და მის ბაზაზე ორი სხვა უწყების შექმნის პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას საჯაროდ შესთავაზა „მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში“ დასაქმება, თუ მას აღარ მოუნდება, მიიღოს მონაწილეობა ან ერთი, ან მეორე სამსახურის კონკურსში“.

„ბუნებრივია, კანონმდებლები იმიტომ გვყავს და იმიტომ ვირჩევთ, რომ მათ მუდმივად იფიქრონ, იმსჯელონ, იმუშაონ, თუ როგორ დახვეწონ კანონმდებლობა და ინსტიტუტები, რომ ინსტიტუტები მოიმართონ კიდევ უფრო ეფექტურად და ეფექტურად მოემსახურონ ჩვენს მოსახლეობას. ამაში არსებობს მთავარი აზრი და იდეა. თუ ხელისუფლება თვლის, ანალიზს უკეთებს და ეს გამყარებულია სათანადო არგუმენტებით, ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა და აბსოლუტურად ექსკლუზიური დისკრეციული უფლება, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის შეცვალოს, გააუმჯობესოს ესა თუ ის ინსტიტუტი, სამსახური, რეფორმა ჩაატაროს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

ღარიბაშვილის თქმით, პარლამენტს თავისი გეგმა-გრაფიკი აქვს და თვის ბოლომდე ცდილობს, ყველა მიმდინარე საკითხი დახუროს.

„ალბათ, აქედან გამომდინარე არის ნაკარნახევი, დავარქვათ სიჩქარე. თუმცა, მე ამას სიჩქარეს ვერ დავარქმევდი. მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რამე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი – არა. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა, საპარლამენტო ცხოვრების, მუშაობის რეგლამენტი ითვალისწინებს მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებას ამა თუ იმ კანონპროექტის, მაშინ რატომ არა? კითხვა რაში მდგომარეობს? 

თუ მეორე მხარის არგუმენტი იქნება ის, რატომ არ მოხდა ამის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ა.შ., ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში?“, – თქვა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერი ამბობს, კანონპროექტის მიღება ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუტის გაჯანსაღებას და გაძლიერებს. 

„დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება. კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია. პერსონალური ცალკე გამოიყოფა (არ ვაუქმებთ, ბუნებრივია) და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მეტი უფლებებით. 

მე არ მინდა, ინდივიდებზე ვილაპარაკო, ამ შემთხვევაში ქალბატონ ლონდა თოლორაიაზე. შემიძლია აქედან საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო ქალბატონ ლონდას, მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი, თუ არ ვცდები, მანამდე მუშაობდა პროკურატურაში წლების განმავლობაში, შემდეგ – პოლიციაში. 

ჩვენ სიამოვნებით, თუ მას აღარ მოუნდება, მიიღოს მონაწილეობა ან ერთი, ან მეორე სამსახურის კონკურსში, მას ყველა კარი აქვს ღია და მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას. 

ასე რომ, პიროვნული ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ხელისუფლებას, პარლამენტს და ჩვენ ამ ხედვას მივყვებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია, რომელიც ამ თანამდებობაზე პარლამენტმა 2019 წლის ივლისში, 6 წლის ვადით აირჩია.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ დამოუკიდებელი სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი კონსპირაციულად შეიმუშავა და მისი ინიცირება წინასაახალწლო პერიოდს, ასევე მის დეკრეტში ყოფნას დაამთხვია.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. გარდა ამისა, გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის 100-ზე თანამშრომელი 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურის გარეშე დარჩება.

„ეს არის სამსახურის დასჯა - დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისთვის… სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება, პარლამენტის წევრების კომენტარებშიც პირდაპირ და მკაფიოდ არაერთხელ იქნა გამოხატული. დღეს უკვე, ეს უკმაყოფილება იქცა კანონპროექტად“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა საგანგაშოა. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის ნაჩქარევად შეცვლის აუცილებლობა არ იყო. დეკნანის თქმით, ყველაზე შემაშფოთებელი და რთულად ასახსნელია კანონპროექტის ის დებულებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამჟამად დასაქმებული ყველა თანამშრომლი პირველ მარტამდე გათავისუფლდება. 

საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობას შესთავაზა, შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღებულ იქნას დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში კითხვებს მოხსნის. 

 

ამ თემაზე:

აშშ-ის ელჩი პარლამენტს მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტი შეაჩეროს 

როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა მიუღებელია – ზურაბიშვილი

OHCHR სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]