weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჟურნალისტური სტანდარტების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიები შეიქმნება – კობახიძე 

12:29 ხუთშაბათი, 30 დეკემბერი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იანვრიდან პარლამენტში დაიწყებენ მუშაობას იმისთვის, რომ მედიის მიერ „ობიექტურობის, სამართლიანობის და სიმართლის“ სტანდარტების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები შეიქმნას.

როგორც კობახიძე ამბობს, თავის დროზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მედიის თავისუფლების შირმით, მიიღო კანონი, რომელმაც „აღვირახსნილი მაუწყებლობა“ განაპირობა.

„სინამდვილეში, მათ მონოპოლია ჰქონდათ. რა თქმა უნდა, იქ იყო პატარა ნათელი წერტილები, მაგალითად, „მაესტრო“, მაგრამ ძირითადად ჩამოყალიბებული ჰქონდათ მონოპოლია – იყო ორი ძირითადი არხი. „რუსთავი 2“ მიითვისეს, „იმედი“ მიითვისეს, საზოგადოებრივი მაუწყებელიც იყო სრული კონტროლის ქვეშ, ანუ ყველა მაუწყებელს, რომელსაც ჰქონდა ეროვნული დაფარვა, აკონტროლებდნენ. ასეთ დროს, როდესაც მონოპოლია გაქვს, შენს ინტერესებშია, რომ აბსოლუტური თავისუფლება იყოს, ანუ შენთვის უზრუნველყოფ თავისუფლებას კანონით და რა გააკეთეს: 

ვითომ მედიის თავისუფლების შირმით შემოიღეს ისეთი სტანდარტები, რომელმაც განაპირობა ის აღვირახსნილი მაუწყებლობა, რომელსაც დღეს ვხედავთ, მათ შორის, მათი სამი ტელევიზიის შესრულებით. 

ამიტომ არანაირი მორალური, ეთიკური სტანდარტი, რასაც ჰქვია ჟურნალისტური ეთიკა, დღეს არ არსებობს . ეს დამკვიდრდა, მათ შორის, იმ მიღებული კანონით, რომელიც იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მემკვოდრეობა. დღემდე არის მემკვიდრეობა. 

ამაზე მუშაობა დასაწყებია და აუცილებლად დავიწყებთ, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ფარგლებში, რასაც ჰქვია ძირითადი უფლება. ბუნებრივია, ეს უნდა იყოს ბოლომდე დაცული, მაგრამ ამასთან ერთად უამრავი მაგალითია – არის გერმანიის მაგალითი, ბრიტანეთის მაგალითი, არაერთი ევროპული ქვეყნის მაგალითი, სადაც ერთი მხრივ უზრუნველყოფილია მედიის თავისუფლება, მაგრამ ასევე მოქმედებს, მათ შორის, ნორმების, კანონების დონეზე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები – ობიექტურობის სტანდარტი, სამართლიანობის სტანდარტი და ა.შ. ეს თუ არ დამკვიდრდა… მაგალითად, არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის ანგარიში რომ ავიღოთ, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად არის გამოკვეთილი მედიაში პოლარიზაცია და ამ ეთიკური სტანდარტების დაუცველობა. თუ დიაგნოზი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემაში რაღაც პათოლოგიაა, როგორ შეიძლება მკურნალობა არ დანიშნო? მაგრამ აქ ერთი პრობლემაა – როგორც კი ამაზე დავიწყებთ მუშაობას, მაშინვე გამოვა ეს ყველა ე.წ. NGO, ოპოზიცია და ა.შ. და ეცდებიან ეს ყველაფერი კბილებით დაიცვან, რატომ? იმიტომ, რომ მათ უნდათ ის აღვირახსნილობა, რაც არის ტელევიზიაში, გაგრძელდეს – არავითარი ობიექტურობა, სამართლიანობა, „ფეიკ ნიუსი“ უნდათ და ა.შ. არანაირი სტანდარტი არ არსებობს, შეუძლიათ ამ ე.წ. ფეიკ ნიუსის გავრცელება, არანაირი მექანიზმის ამის საწინააღმდეგოდ არ არსებობს. ბუნებრივია, ეს, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას და ქვეყანას აზიანებს“, – განაცხადა კობახიძემ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“.

ირაკლი კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური დღის წესრიგი ამოძრავებთ, ხოლო „ქართულ ოცნებას“ კეთილშობილური მიზნები აქვს – „საზოგადოების დამშვიდება, მედიაში სამართლიანობის დაცვა და ა.შ.“

„ეს წინააღმდეგობა იქნება, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოება დამშვიდდეს, დაწყნარდეს, საჭიროა ამ სტანდარტებზე მუშაობა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მედიის თავისუფლების ფარგლებში, სიტყვის თავისუფლების ფარგლებში, მაგრამ რაღაც ობიექტურობის, სამართლიანობის და სიმართლის სტანდარტი მედიაში აუცილებლად უნდა იყოს დაცული. აქ აუცილებლად შესაქმნელია საკანონმდებლო გარანტიები. აქვე პირობას გაძლევთ, რომ იანვრიდან, როგორც გადაივლის ეს ახალი წლები, ამაზე მუშაობა ძალიან აქტიურად დაიწყება“, – განაცხადა სახელისუფლებო პარტიის ლიდერმა.

მედიისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე საუბრობს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურიც. მისი თქმით, კომისიის ანგარიშებმა ნათლად აჩვენა, რომ მედიაში სიძულვილისა და დეზინფორმაციის რაოდენობა და ხარისხი იზრდება. როგორც ბექაური ამბობს, ევროდირექტივის შესაბამისად, სიძულვილის ენა უნდა დარეგულირდეს, ხოლო შინაარსობრივი რეგულირების საკითხებზე ჯერჯერობით არანაირი მექანიზმები და მით უმეტეს, არანაირი პროექტი არ არსებობს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არასწორია ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები, რომ მედიის ცენზურა იგეგემება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]