weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

„სასამართლო სისტემა უფრო და უფრო იხვეწება“ – წილოსანი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე 

10:54 ხუთშაბათი, 13 იანვარი 2022

ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის შეფასებით, თიბისი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს არ ტოვებს პოლიტიზირებასთან დაკავშირებით“.

„ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სასამართლო სისტემა კიდევ უფრო და უფრო იხვეწება და მათი გადაწყვეტილებები არანაირ ეჭვს არ ტოვებს პოლიტიზირებასთან დაკავშირებით, რომელზეც არაერთხელ და სისტემატურად აპელირებდა ჩვენი ოპოზიცია“, – აცხადებს ნინო წილოსანი. 

სამწლიანი პროცესის შემდეგ, გუშინ, 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ასევე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში, პროკურატურა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებოდა, ხოლო წერეთელს დანაშაულში თანამონაწილეობას, თუმცა გუშინ, მოსამართლე გიორგი არევაძემ კვალიფიკაცია შეცვალა იმ მუხლით, რომელზეც ხანდაზმულობა ვრცელდება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი დაღლითობისთვის, ხოლო ავთანდილ წერეთელი – თაღლითობაში თანამონაწილეობისთვის. სასამართლომ სამივეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. სააპელაციო სასამართლოს პროკურატურაც მიმართავს. 

პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით დაიწყო. საქმე ეხებოდა, 13 წლის წინ, 2008 წელს განხორციებულ საბანკო ოპერაციებს. 

პროკურატურა აცხადებდა, 2008 წლის აპრილ-მაისში „თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთელის (ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამა) კომპანიებზე - „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, იმავე დღეს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკმა“ კომპანიებს სესხი ჩამოაწერა და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.

ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ჰოლდინგი“ ანაკლიის პორტის მშენებლობაში იყო ჩართული და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მთავარი პარტნიორი იყო. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას, ხელისუფლების მიერ ანაკლიის პორტის პროექტის, ასევე ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]