weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჟან მონეს დიალოგი ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი არ არის – პაპუაშვილის კაბინეტი 

15:25 შაბათი, 22 იანვარი 2022
ფოტოზე - შალვა პაპუაშვილი ფოტოზე - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც კაბინეტის განცხადებაშია აღნიშნული, 21 იანვარს, სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ვიზიტის ჩაშლის მიზეზი შალვა პაპუაშვილის მოუცლელობა გახდა, პოლარიზაციის რისკებს ზრდის და ხელს არ უწყობს დიალოგის პროცესის დაწყებას. 

პაპუაშვილის კაბინეტი განმარტავს, რომ ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო ფორმატია, რომელიც ხორციელდება ევროპარლამენტის პრეზიდენტის და შესაბამისი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის შეთანხმების საფუძველზე და მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით საპარლამენტო პარტიებს შორის დიალოგის წახალისების მხარდაჭერას.

„ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ჟან მონეს დიალოგის ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტთან კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული. დიალოგის პროცესში თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახლად არჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს.

ამასთან, ჟან მონეს დიალოგი ეფუძნება მინიმალური საჯაროობის პრინციპს. შესაბამისად, 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს სთავაზობს, სრულად გაასაჯაროონ ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით წარმობული კომუნიკაცია, რათა „შემდგომი გაუგებრობა“ თავიდან იქნეს აცილებული.

ევროპარლამენტის წევრებმა, „ჟან მონეს დიალოგის“ თანაფასილიტატორებმა – ვიოლა ფონ კრამონმა, მირიამ ლექსმანმა და მარია კალიურანდმა გუშინ განაცხადეს, რომ საქართველოში მათი ვიზიტი გაუქმდა, „რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ ჩაერთოს“. ევროპარლამენტარების ინფორმაციით, თბილისში მათი ვიზიტი 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]