weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციიდან „რუსეთის ფედერაცია“ გაქრა – ოპოზიცია 

18:39 ოთხშაბათი, 26 იანვარი 2022

საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი, რომელიც მათთან იყო შეთანხმებული, „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა და „რუსეთის ფედერაცია“ ამოიღო.

„გუშინ კომუნიკაცია მქონდა მამუკა მდინარაძესთან და დავიწყეთ საუბარი, როგორი შეიძლება ყოფილიყო საერთო ტექსტი. მე ჩემი მოსაზრებები ვუთხარი. დღეს დილითაც გვქონდა შეხვედრა. ამ შეხვედრაზე ტექსტში ნახსენები იყო რუსეთის ფედერაცია. შემდეგ უკვე, როდესაც 4 საათზე შეხვედრაზე მივიდით, „რუსეთის ფედერაცია“ საერთოდ გაქრა და ტექსტში დარჩა: „…გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს (აქ ამოვარდა რუსეთის ფედერაცია) ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული“. ბატონმა მდინარაძემ თქვა, რომ ეს ვერსია აღარ შეიცვლება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ. 

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, ოპოზიცია რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაციის როლზე ხაზგასმას ითხოვდა, რაც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ახალ ტექსტში არ ხდება.

„ამ პროცესში „ქართული ოცნება“ ფრთხილია, რაც გასაგები იყო, მაგრამ ჩანდა, რომ ის მზად ყო გაეთვალისწინებინა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული რიგი ფორმულირებები, რომლებიც არ იყო აცდენილი რეალობას, არც იმ ტონს, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან გვესმის. მიუხედავად ამისა, ეს შენიშვნები და კომენტარები არ გაითვალისწინეს. მიიღეს მითითება. ამას სხვანაირად ვერ ვხსნი, იმიტომ, რომ კონკრეტული არგუმენტები არ მომისმენია. „რესპუბლიკური პარტია“ ამ რეზოლუციის თანაავტორი არ იქნება“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ შეცვლილ ვერსიას არ ეთანხმება „ლელოც“. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რეზოლუციის ტექსტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, „დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან“.

„ამის დრო აქ ნამდვილად არ არის. ეს არის საკითხი, რაზეც ძალიან კარგი იქნებოდა, შევჯერებულიყავით და ყველა მხარის პოზიცია დაახლოებულიყო. იმის გამო, რომ სამწუხაროდ მხარეთა პოზიციების ამგვარად (იქ მხოლოდ რაღაც დეტალებზე, სიტყვებზეა საუბარი) შეჯერება ვერ მოხერხდა, ბუნებრივია, ჩვენი ფრაქცია დააინიცირებს იმ ტექსტს, რომელსაც გაგაცნობთ: „საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშივიდობას და უსაფრთხოებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]