ცენტრის წარმომადგენლის, თეა უროტაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი, სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობით, რეანიმაციაშია მოთავსებული.
„აღენიშნება ზედა კიდურების, სახის, ტორისის დამწვრობა. მისი მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა. სამ პაციენტს პოლიტრავმები აქვს და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ოთხ პაციენტში წამყვანია სასუნთქი გზების, სახის და ზედა კიდურების დამწვრობა“, – განაცხადა მიროტაძემ გვიან ღამით, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინდელის შახტში აფეთქება 30 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. დაშავებული მეშახტეები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩერქეზიშვილის განცხადებით, მას „ძალიან მძიმე ტრავმები“ ჰქონდა.
„პირველადი ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ გამოწვეული ტალღის დამანგრეველი ან დამაზიანებელი ფაქტორი იყო. ყოველთვის ხდება კარიერის აფეთქება-დანგრევა. ეს ჩვეულებრივი სამუშაო მომენტია. დაზუსტებული ინფორმაცია ხვალ გვეცოდინება. რა თქმა უნდა, ტყიბულის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გარდაცვლილის ოჯახს და დაშავებულებს დაეხმაროს“, – თქვა ჩერქეზიშვილმა.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მოკვლევა დაწყებული აქვს სამთომომპოვებელ კომპანია „საქნახშირსაც“.