weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა 

17:13 ორშაბათი, 31 იანვარი 2022

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშია“, რომელშიც 30 დეპუტატია გაწევრიანებული, საპარლამენტო საქმიანობას გააგრძელებს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით პარტიაში განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ, თუმცა, საბოლოო ჯამში, შაბათს გამართულ შეხვედრაზე, შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია საგაზაფხულო სესიის სხდომებში მონაწილეობას მიიღებს.

„მინდა ავხსნა ის მიზეზები, რატომ მიიღო ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება: პირველ რიგში, ჩვენი პარტია და ზოგადად ქვეყანა, უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშეა. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია, დატყვევებულია რეჟიმის მიერ, რაც ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ მიგვაჩნია, საერთაშორისო საზოგადოება ამაზეა ჩამოყალიბებული, რომ მისი საპყრობილეში ყოფნა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიებაა. ამიტომ 

ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება რეჟიმის საჯარო მხილება, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს და სწორედ ამისთვის ჩვენ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას. 

ეს კომისია დღესვე დარეგისტრირდება. ვიმუშავებთ ჩვენს კოლეგებთან, ოპოზიციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს ეს კომისია. ჩვენი ფრაქცია დღესვე იწყებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა რეალურად ფარდა ავხადოთ იმას, რაც მოხდა სააკაშვილთან მიმართებაში, როგორ მოექცა მას რეპრესიული ინსტიტუტი, პენიტენციური სისტემა და, რა თქმა უნდა, რომ ეს იყო შეთანხმებული. ასევე, ჩვენ მოვითხოვთ ამ კომისიაზე მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წარდგენას და მის გამოკითხვას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდება. 

„ეს იქნება ჩვენი საკუთარი სტრატეგია იმისთვის, რომ ყველა ეტაპზე, ყველა ფრონტზე არა მხოლოდ პარლამენტში, არა მხოლოდ საკრებულოებში, არამედ ქუჩაშიც, მწვავე საგაზაფხულო პროტესტით ვიბრძოლოთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის; არა მხოლოდ ზოგად და ელიტურ პოლიტიკურ საკითხებზე ვიმსჯელოთ, არამედ ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ადამიანებს ყოველდღიურად ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ. მაგალითად, გუშინ რაც მოხდა – რა არის ამის მიზეზი? რატომ არ აქვთ ტყიბულში ადამიანებს ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობები? ასევე, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენ კოლეგების მიერ წარდგენილ ანტიკორუფციული კომისიის ფორმატში“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ პარლამენტს ბოიკოტი საშემოდგომო სესიაზე გამოუცხადა, რასაც წინ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება უძღოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]