ე.წ. უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოში აფიქსირებენ რევანშისტული განწყობების სახიფათო ზრდას, რაც მხარს უჭერს ლუგანკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ „უკრაინის აგრესიას“.
„ეს შესაძლოა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავების მორიგი მიზეზი გახდეს“, – აცხადებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი.
უწყების ინფორმაციით, წარწერა Слава Україні („დიდება უკრაინას“) დაუდგენელმა პირებმა 14 თებერვალს გააკეთეს, რისთვისაც ე.წ. საზღვარი დაარღვიეს.
„მომხდარს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები იძიებენ და გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ეს პროვოკაცია განიხილება IPRM-ის მომავალ სხდომაზე. თბილისის რეჟიმის ქმედებები არ უწყობს ხელს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის სტაბილიზაციას და წარმოადგენს საფრთხეს რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ეს ინციდენტი სისხლის სამართლის დანაშაულია“, – აცხადებს ე.წ. უშიშროების კომიტეტი.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა პირველი იყო, რომელმაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებზე გამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო.