„რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს, გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
კიევში საქართველოს საელჩოს ტელეფონის ნომრებია: +380 (63) 376 77 68; +380 (44) 590 69 50 და +380 (93) 544 01 47, ხოლო ოდენსაში, გგენერალურ საკონსულოსთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომრებზე: + 380 (63) 176 75 55 და +380 (93) 761 17 17.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ 24 თებერვალს, გამთენიისას განაცხადა და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
უკრაინაზე შეტევა ადგილობრივი დროით 05:00 საათზე (თბილისის დროით დილის 7 საათი) დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მათი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, განხორციელდა სარაკეტო შეტევები აეროდრომებზე, და უკრაინის შეიარაღებლი ძალების სამხედრო ობიექტებზე.
როგორც სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რუსეთის ძალებმა უკრაინის საზღვრებს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდანაც შეუტიეს. უწყების თანახმად, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის ოლქებში სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო რაზმებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები არტილერიის, მძიმე ტექნიკის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ღირსეულ წინააღმდეგობას წევენ. როგორც ზელენკიმ განაცხადა, უკრაინას არა მხოლოდ ბომბებით, არამედ ყალბი ცნობების (ე.წ. ფეიკების) გავრცელებითაც უტევენ.
უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.