კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულყოფილი მონიტორინგის არარსებობის პირობებში შექმნილ მძიმე ვითარებას.
„2009 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა [რუსეთმა] ვეტო დაადო საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას, რითაც გაეროს ისტორიაში საშიში პრეცედენტი შეიქმნა. საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატის იძულებით შეწყვეტამ, რასაც წინ უსწრებდა ეუთოს მისიის საქმიანობის დასრულება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ყოფნის თვალსაზრისით სრული ვაკუუმი შექმნა, ეს რეგიონები აქცია ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის ხელსაყრელ შავ ხვრელებად და „მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ ადგილებად“, როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისრმა მოიხსენია“, – განაცხადა კახა იმნაძემ.
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული საფრთხეების ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა.
„2018 წლის 22 თებერვალს ვიხილეთ საქართველოს მოქალაქის და იძულებით გადაადგილებული პირის, არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა. მისი ცხედარი საოკუპაციო ძალამ რამდენიმე დღის წინ გადასცა ქართულ მხარეს დასაკრძალად. ექსპერტიზამ დაადასტურა წამების აშკარა კვალი“, – აღნიშნა კახა იმნაძემ.
მისივე განცხადებით, შექმნილი მდგომარეობა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გადაუდებელ საჭიროებაზე მიუთითებს.