ზურაბიშვილის თქმით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, მის მიმართ ცრუ ბრალდებები და ცნობები ვრცელდება, რაშიც ის რუსეთის კვალს ხედავს.
„ეს ცრუ ცნობები არის დღევანდელი მსოფლიოს კიბო. ეს არა მხოლოდ ჩვენ გვეხება, არამედ ამერიკის არჩევნებში რუსეთმა ეს გამოიყენა, როგორც ყველამ ვიცით.
ჩვენ, პატარა ქვეყანა ვფიქრობთ, რომ არ მუშაობს რუსეთი ჩვენს არჩევნებზე? უშუალოდ მუშაობს რუსეთი და რა არის მიზანი ცრუ ცნობების? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან დამაპირისპირონ.
ასევე ცდილობენ დამაპირისპირონ იმ პატრიოტებთან, რომლებიც ფიქრობენ როგორც მე და ჩემი ოჯახი და მთელი ემიგრაცია, რომ რუსეთი არის მუდმივი აგრესორი ამ ქვეყნის, იყო და არის, 2008 წელს როგორც არასდროს. ოკუპანტი არის, მაგრამ ეს არ არის დასამტკიცებელი და ეს არ ექვემდებარება გადახედვას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ცრუ ცნობების გავრცელებით მის „ზვიადისტებთან“ დაპირისპირებასაც ცდილობენ.
სალომე ზურაბიშვილს „კანაფის დედოფალი“ კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა უწოდა. მას შემდეგ რაც ილია მეორემ სასულიერო პირებს მიმართა, პოლიტიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გააკეთონ, მეუფე იაკობმა განმარტა, რომ „კანაფის დედოფალი“ ხუმრობით თქვა. მისივე განცხადებით, პატრიარქის მოწოდება მას არ ეხებოდა.