weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მეშახტის ცოლის სიმღერა

11:15 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017
მეშახტის ცოლის სიმღერა ფოტო: ჟურნალი ლიბერალი

ამაღამ გვიან მოვა ჩემი კაცი, ჩემი შებოლილი ქმარი და მისი კბილები თეთრად გაიელვებს.

კბილებით შემიძლია ჩემი ქმარი სხვებისგან გამოვარჩიო.

როცა გავიცანი, თეთრი კაცი იყო. ახლა, რაღაცნაირი მტვრისფერი გახდა.

ხმაშიც თითქოს დაფხვნილი რკინა გაერია. თვალებში გავარვარებული ზეთი უპრიალებს.

იცვლება ჩემი ქმარი, როცა გრძელი გვირაბიდან ამოდის, როცა სააქაოს ბრუნდება.

აი, სადაცაა მოვა, ამოგანგლული შემოაღებს კარს და მოიტანს სუნს. დედამიწის შუაგულიდან წამოღებულს, სხვა მისნაირი დაქანცული კაცების.

მოვა - ცალ ხელში ცარიელი კონტეინერებით, მეორეში გამურული პურით.

პურსაც გადაედო ჩემი ქმარი. ჩემ გარდა, ისიც გააშავა. გზაში ცოტა ჩამოუტეხავს, ეტყობა, მოშივდა.

დაჯდება მაგიდასთან და ზის.

ელოდება წვნიანიან თეფშს, რომელსაც მოჰყვება ჩემი რამდენიმე მოსასწრები წინადადება ბანკის ვალებსა და მაღაზიის ნისიასა და მეზობლის ბავშვის ახალ ფეხსაცმელსა და ჩვენი შვილების დაძველებულ ჩანთებზე, სასოწარკვეთაზე.

დაჯდება და იყურება ფანჯარაში, ცისკენ.

ცა მენატრება - მეტყვის და დადუმდება.

ამაღამ გვიან მოვა ჩემი ქმარი და დაყრის გასარეცხ ტანსაცმელს.

და ზამთრის ყინვაში შეაღებს ფანჯარას.

ჰაერი მენატრება, - იტყვის და დადუმდება.

და მე ვეღარაფერს ვეტყვი სახატავ რვეულებსა და შოკოლადებსა და წიგნებსა და ახალ კაბებსა და აი, იმ ვიტრინაში გამოდებულ ყელსაბამსა და საერთოდ, ადამიანურად ცხოვრებაზე.

მხოლოდ გავიფიქრებ - ნეტა ხელი და ფეხი სულ ჰქონდეს ჩემს ქმარს, რომ შახტში ჩავიდეს.

ავტორი ეკა ქევანიშვილი

 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]