weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქიზიყელი გოგოს ღია წერილი ქიზიყელ პრემიერს

19:42 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017

ბატონო პრემიერო (გიორგი), ჩვენებური კაცი ხართ, ქიზიყელი და დიდი გამარჯობა! მეც აქაური რიგითი ახალგაზრდა ვარ. თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, თქვენს სოფელში ოქროს გზებისა და სასახლეების აშენებით ვერ ვიქნები კმაყოფილი, მაამებლობას ვერ დაგიწყებთ და მხოლოდ ქიზიყურად, სიმართლეს მოგწერთ. აქ ყველაზე მეტ ბავშვს და ახალგაზრდას აღდგომას ვხედავ, ისიც სასაფლაოზე. მშობლებს, დედაქალაქში წაყვანილი შვილები და შვილიშვილები, აღდგომას, მიცვალებულთა მოსახსენიებელად თუ ჩამოჰყავთ. სხვა რა დარჩენიათ? სევდა აერთიანებს აქ სოფლებს.

ვისაც თვალში წყალი უდგას, ბავშვებსა და ახალგაზრდებს, მცირე იმედი, დედაქალაქში ან ქვეყნის იქით მიაქანებს, სოფელში უიმედობაა. აბა, ვის გაამტყუნებ?! აქ მართლა არაფერი დარჩა რაც ამ სამყაროს შრომითი ბაზრისთვის მოგამზადებს.

მე რა მაცხოვრებს აქ? ალბათ, ზედმეტი ოპტიმიზმი. 

მე და ჩემს მეგობრებს გვინდა ოდნავ მაინც შევცვალოთ სოფელი. აქ არც უნივერსიტეტია, არც კულტურის სახლები ფუნქციონირებს, არც ახალგაზრდული ცენტრებია, არც პროფესიული სასწავლებლები, არც კინო, არც თეატრი, არც, არც, არც... წარმოგიდგენიათ ბატონო პრემიერო? სრული გამყინვარება და ნაცრისფერობაა სოფელი. 

ნეტა თქვენ როდის იყავით ბოლოს თქვენს სოფელში? კარგი სოფელი კი გაქვთ, ვაქირი. ოღონდ, იცოდით, რომ იქ დიდი აღმშენებლობის ხანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც თქვენ პრემიერი გახდით?

უკვე საუკუნის მეოთხედია ვაკვირდები და დემოკრატია, რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა, ჩვენ ვერ ვისწავლეთ. ბავშვობაშიც, 90-იანებში, მახსოვს, შუქი ზოგჯერ მხოლოდ იმ უბანში იყო, სადაც ჩინოვნიკი ცხოვრობდა, დანარჩენი სოფელი ვიყავით სანთლის შუქზე. ტენდენცია ახლაც იგივეა. ახლა ჩინოვნიკების სოფლებში აყვავებენ ინფრასტრუქტურას. მათ შორის თქვენს სოფელში, ვაქირში, ბატონო პრემიერო.

 

უსამართლობა N1

ჯერ იყო და დიდად გავოგნდით, როცა სოფელ ვაქირის სასაფლაოს შემოსაღობად 130 000 ლარი გამოყო სიღნაღის თვითმმართველობამ. ეს იმის ფონზე, როცა ცოცხლებისთვის ვერ მიუხედავს მუნიციპალიტეტს და არცერთი ახალგაზრდული ცენტრი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით „ცოდნის კაფეს“ წნორში, რომელიც დამოუკიდებელმა ახალგაზრდულმა ჯგუფმა შექმნა. ჰოდა, რომ გავიგეთ რა მიზეზით მოინდომა თვითმმართველობამ ერთი სოფლის, ერთი სასაფლაოს შემოღობვა 130 ათას ლარად, ყურში გვიჩურჩულეს - პრემიერის სოფელია ვაქირი და მაგიტომო. შემრცხვა და შემზიზღდა კიდევ უფრო ეს პოსტსაბჭოური ტრადიცია. თქვენც გეუხერხულათ ალბათ, რადგან ბოლოს დამტკიცებული 2017 წლის ბიუჯეტიდან ეს 130 000 ლარი გადაიტანეს და სასაფლაოს შემოღობვა ამავე სოფელში ახალგაზრდული ცენტრის შექმნით ჩაანაცვლეს.

ცოტა საკვირველი კი არის, რაში სჭირდება ერთი სოფლის ახალგაზრდულ ცენტრს 100 ან 130 ათასი ლარი, როცა „ცოდნის კაფეს“ (ახალგაზრდული სივრცე წნორში) შექმნას 17 ათასი ლარი დასჭირდა. ფაქტობრივად, ეს თანხა სულ მცირე 5 ახალგაზრდული ცენტრის შექმნას ეყოფოდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით. თვალი მაინც დავხუჭეთ. ვიფიქრეთ, წასულებში ინვესტიციას, ახალგაზრდებში ინვესტიცია ჯობიაო. მერე ისიც გავიგეთ, რომ თურმე ახალგაზრდულ ცენტრს სოფლის ტერიტორიულ ორგანოში აკეთებენ, დიდი შენობააო, გადახურვაც უნდა და გარემონტებაცო, ამიტომ უნდა ბევრი ფულიო.

ბატონო პრემიერო, ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. კი გეცოდინებათ, ახალგაზრდული ცენტრები როგორ და სად ფუნქციონირებს. გაგიგიათ გამგეობას მიერთებული ახალგაზრდული ცენტრები? ნუთუ მხოლოდ იმიტომ უნდა გაარემონტონ და აღადგინონ ის შენობა, რომ საკუთარი ოთახები გაირემონტონ გამგებლის წარმომადგებლებმა? გვწყინს ბატონო პრემიერო, რადგან იმავე სოფელში 3 მუზეუმია, სამივე შენობაში შეხვედრების სივრცეც არის და გამოფენებისაც. უბრალოდ, დამთვალიერებლები არ ჰყავთ მუზეუმებს და უფუნქციოდ არიან დარჩენილები. 

როგორ წარმოგიდგენიათ, კულტურის კერად გადააქციოთ ტერიტორიული ორგანო, მაშინ, როცა ამავე სოფელში 3 უფუნქციო მუზეუმის დიდი შენობებია?

 

უსამართლობა N2

სიღნაღის თეატრს უკვე მეორედ გვიყიდიან. იცით ბატონო პრემიერო, სიღნაღის აღმშენებლობისას ქალაქის ერთადერთი თეატრი გაგვიყიდეს. ახალმა მეპატრონემ თეატრალური დასი და მენეჯმენტი ამ დრომდე უფასოდ ამყოფა შენობაში, ახლა საკუთრების გაყიდვა გადაწყვიტა. და იცით, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვერ იღებს გადაწყვეტილებას – გამოისყიდოს ქალაქის ერთადერთი თეატრი 500 ათას ლარად. მზადაა, რომ დასი ღია ცის ქვეშ დატოვოს. იცით, ეს მაშინ, როცა ჩვენს მუნიციპალიტეტში, თქვენს სოფელ ვაქირში კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის მილიონზე მეტი ლარის მობილიზება შეძლეს.

ბატონო პრემიერო, თქვენს მრჩევლებს ჰკითხეთ, ისინიც გეტყვიან, რომ დღეს, დაცლილ სოფლებს მილიონიანი კულტურის სახლის შენობები, შიდა შადრევნებით და ორი შიდა ბარით კი არა, მცირე და ხალხის ინტერესებზე მორგებული სივრცეები სჭირდება.

კიდევ, იცით ბატონო პრემიერო, წნორში, სადაც თქვენს სოფელზე, ვაქირზე, 3-4–ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც მთელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველაზე აქტიური ცენტრია, კულტურის სახლი არც მას აქვს. გასულ წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამდენიმე ათეული ათასი ლარი გამოყო პროექტის შესყიდვისთვის, თანხაც უკვე მობილიზებული იყო ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდში, მაგრამ ამასობაში თქვენ გახდით პრემიერ-მინისტრი, ხოდა ვეღარ ვიზამთო ბატონო გიორგი, ახლა წნორზე მეტად მნიშვნელოვანი ვაქირიაო. ამიტომ დღეს ვაქირში მილიონზე მეტი ლარის მობილიზებას გეგმავენ კულტურის სახლის აღსადგენად. გეგმავენ რა, უკვე გადაწყვეტილია და ხვდებით რატომ ხომ? იმიტომ, რომ ბევრი პირფერი ქვეშევრდომი გყავთ ბატონო პრემიერო.

უსამართლობას უსამართლობა ემატება ბატონო გიორგი. თუ კულტურის სახლი უნდა აღადგინონ, ცალკე ახალგაზრდული ცენტრი რაღად უნდა სოფელს? კულტურის სახლში ხომ ისედაც უნდა მოიყაროს თავი მთელი სოფლის კულტურულმა დაწესებულებებმა, მათ შორის ახალგაზრდულმა ცენტრმაც. აბა, დამატებით 130 000 ლარი რატომღა უნდა დავხარჯოთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მოგვინდია, ჩვენ კი უსამართლობა ყელში გვეჩხირება.

ჩამოდით, წაგიყვანთ ქიზიყის სოფლებში და ადგილობრივის თვალით შეგახედებთ აქაურ პრობლემებს. გასცდით ჩინოვნიკებს და დაუგეგმავად შეხვდით ქუჩებში უიმედობით გამოფენილ ხალხს, თუ გინდათ მართალი სიმართლე იცოდეთ.

დასკვნა: ქალაქ სიღნაღის ერთადერთი მოქმედი თეატრი საკუთარი დასით თუ ვერ გამოვისყიდეთ და ხვალ თეატრის შენობაში ფეხსაცმლის მაღაზია გაიხსნა, ან რესტორანი, პარალელურად კი ვაქირს მილიონიანი კულტურის სახლი ჰქონდა და წნორი ისევ კულტურის სახლის გარეშე დარჩა, ეს სიტუაცია იქნება პოსტ საბჭოთა გამონათება. მაღალი რანგის კაბინეტებში დაგეგმილი პროექტები გვახრჩობს და უფუნქციოდ გვტოვებს ადგილობრივ ხალხსაც და თვითმმართველობასაც.

 

უსამართლობა N3

2 დღის წინ გვაცნობეს, ვაქირს ასფალტ-ბეტონის გზა ექნებაო. ეს მაშინ, როცა წნორის ცენტრალურ, თავისუფლების ქუჩაზე ათწლეულებია სამანქანე გზა დაზიანებულია და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩენო შეხვედრაზე რომ უნდა ჩამოსულიყავით ქიზიყში, თქვენი ჩამოსვლის წინა ღამეს, თავსხმა წვიმაში დააგებინეს მუშებს ასფალტი, თქვენ რომ შედარებით უკეთესი გზაზე გაგევლოთ. დიახ, შუაღამისას წვიმაში აგებდნენ საწყალი მუშები ასფალტს, თქვენ რომ კომფორტულად გევლოთ.

მაისისთვის ეღირსებაო წნორის ქუჩებსაც ასფალტი, მაგრამ ასფალტ-ბეტონი მარტო მაღალი თანამდებობის პირთა სოფლებისთვისააო, ასე ამბობენ.

წინა მთავრობის დროს, მეზობელ სოფელს, ჯუგაანს ეღირსაო ასფალტ-ბეტონის გზა, მაშინაც იმიტომ, რომ ყველაზე დიდი კაცი იყოო იმ სოფლიდან. გაიკითხეთ, ეცოდინებათ ვის მოუფონეს გული. ისიც იკითხეთ ბატონო პრემიერო, უყვართ ის დიდი კაცი? ხომ ბევრი რამ გაუკეთა სოფელს. არ უყვართ ბატონო პრემიერო. ქიზიყელები ალალი ხალხია და უსამართლოდ მიღებული კეთილდღეობა ეხამუშებათ. ამიტომ, ახლაც ეს რომ სხვა სოფელში ხდებოდეს იმის პარალელურად, რომ ვაქირში განვითარების ძვრა არ იყოს, მეამბოხე და სიმართლის მოყვარული ვაქირელები აჯანყდებოდნენ და სამართლიანადაც. იფიქრეთ სხვა სოფლებზეც, შერჩევითი სამართალი არ უყვართ ადამიანებს.

ხომ ცხადია, რომ მუნიციპალიტეტის არცერთ სოფელს ასეთი ყურადღება არ ექცევა, როგორც თქვენსას, როგორც მაშინ, იმ დიდი კაცის სოფელს ექცეოდა ყურადღება. ჯერ სასაფლაოს შემოღობვა, მერე ახალგაზრდული ცენტრი, მერე კულტურის სახლი, მერე ასფალტ-ბეტონის გზა. ამ ყველაფრის დაგეგმვა ნახევარ წელიწადში.

პარალელურად, სიღნაღის თეატრი შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ და კულტურული ტურიზმით ცნობილ ქალაქი უთეატროდ დარჩეს. ეს მაშინ, როცა ერთ სოფელს ექნება მილიონიანი კულტურის სახლი, დანარჩენი 12 კულტურის სახლი კი კვლავ უფუნქციო იქნება.

გვიხარია, ძალიან გვიხარია ჩვენს სოფელში ასეთი დონის კულტურის სახლის გაკეთება, მაგრამ მისი ფუნქციური დატვირთვა ვაქირში რამდენად შესაძლებელია, თუ უფიქრია ამაზე ვინმეს? ჰკითხეთ კომპეტენტურ პირებს. ვეჭვობთ, რომ პირფერობით და კოჭების გაგორებით გახსნილი კულტურის სახლი, ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც სამწუხაროდ, არანაირი სტრატეგიული, კულტურული მნიშვნელობა არ აქვს, დიდი ნაწილი დარჩება მხოლოდ შენობად, მაგრამ თქვენ მაინც იკითხეთ.

ჩვენო პრემიერო, მე თქვენ ვერაფერს გასწავლით, უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ, მხოლოდ ადგილობრივ გამოცდილებას გიზიარებთ, რაც ქიზიყელებმა ვიცით. ეს ქვეყანა ჩინოვნიკების წარმომავლობის მიხედვით კი არა, საჭიროების მიხედვით უნდა ვითარდებოდეს. ამ წუთიდან თქვენი ჩარევა სასურველია.

გეპატიჟებით ქიზიყელ ახალგაზრდებთან შესახვედრად. დაგვიჯერეთ, 

აქ ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. ინტელექტუალური რესურსი მიედინება. საგანმანათლებო და კულტურული პროცესები მაქსიმალურად ცენტრალიზდება დედაქალაქში. ამას ემატება იმის ცოდნაც, რომ თუ ჩვენი სოფლიდან ან მუნიცალიტეტიდან არ იქნება პრემიერი, პრეზიდენტი ან რომელიმე გავლენიანი ფიგურა, მაშინ ჩვენს სოფლებს არაფერი ეშველება.

კიდევ უფრო გავიჟღინთებით უიმედობით და ჩვენც წავალთ. ქვეყანას უკვე 25 წელია ვაშენებთ. თქვენ იცით, სადაცა ვართ და რამხელა ცოცხალ გვამთა სასაფლაოებად გვექცა სოფლები. ამას კიდევ მაშინ იგრძნობთ, როცა ჩინოვნიკების გარემოცვის გარეშე, ჩვენთან ერთად შემოივლით ქიზიყის სოფლებს.

ჩარევა უკიდურესად სასურველია ბატონო პრემიერო!

ქიზიყელი გოგო ნანა ბაგალიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]