weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ჩეჩნეთში რუსი ექს-პოლკოვნიკის მოკვლისთვის მსჯავრდებული იუსუპ ტემირხანოვი დაკრძალეს

02:42 კვირა, 05 აგვისტო 2018

ჩეჩნეთში, სოფელ გელდაგენში, ყოფილი რუსი პოლკოვნიკის, იური ბუდანოვის მოკვლისთვის მსჯავრდებული და ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იუსუპ ტემირხანოვი დაკრძალეს. დაკრძალვაზე ათი ათასობით ადამიანი მივიდა, მათ შორის ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვიც იყო. ტემირხანოვს პატივი მიაგეს, როგორც წამებულს.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, კადიროვმა განაცხადა, რომ ტემირხანოვს ყოფილი პოლკოვნიკის, იური ბუდანოვის მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონია და ის მსხვერპლია.

„არსებობს სხვადასხვა მტკიცებულება, რომ ტემირხანოვს ბუდანოვი არ მოუკლავს. მიგვაჩნია, რომ იუსუპი მსხვერპლია და მისი ბოლო სიტყვებიც სასამართლოში ეს იყო. დღეს აქ მოვედი, რომ ვუთხრა გარდაცვლილის ნათესავებსა და ჩემს ხალხს: ის უკანონოდ გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს, ის მოკვდა საკუთარი სიკვდილით, უზენაესის ნებით. არავის მოუწამლავს და მოუკლავს“, - განაცხადა კადიროვმა დაკრძალვაზე.

მოგვიანებით მსგავსი შინაარსის განცხადება მან სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა: „სასამართლომ თავისი გამამტყუნებელი განაჩენით, იუსუპ ტემირხანოვი, მისი ნებისგან დამოუკიდებლად, აქცია გმირად, რომელმაც შური იძია ჩეჩენი გოგონას, რუსეთის მოქალაქე ელზა კუნგაევას შელახული ღირსებისა და თავისუფლების აღკვეთის გამო“.

ჩეჩენი უსუფ ტემირხანოვი კოლონიაში 3 აგვისტოს გარდაიცვალა. ის იური ბუდანოვის მკვლელობისთვის 2011 წელს მისჯილ 15-წლიან პატიმრობას იხდიდა. ტემირხანოვის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს კოლონიის სამედიცინო განყოფილებაში გული გაუჩერდა.

სოფელ გელდაგენში იუსუპ ტემერხანოვის დაკრძალვაზე მისულებს შორის მოკლული ელზა კუნგაევას ოჯახის წევრებიც იყვნენ. მოკლული ქალის მამამ, ვისა კუნგაევმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა: „ჩვენი გლოვა უფრო დიდია, ვიდრე თქვენი. დიდად ვემადლიერებით იუსუპს. ის ნამდვილი გმირია. ის თქვენი სოფლის და ყველა ჩვენგანის სიამაყეა. მზად ვართ მოვკვდეთ მისი ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის. ის მოკვდა, როგორც წამებული“.

160-ე სატანკო პოლკის ყოფილი მეთაური იური ბუდანოვი მოსკოვში 2011 წლის ივნისში მოკლეს. მას თავში ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ბუდანოვი ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობდა. 2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 2000 წლის 27 მარტს პოლკოვნიკმა ბუდანოვმა 18 წლის ელზა კუნგაევა გაიტაცა, შემდგ კი მოკლა. მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, გატაცებისა და მკვლელობისთვის წარუდგინეს. 2003 წელს სასამართლომ იური ბუდანოვს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, პოლკოვნიკის წოდება და ყველა ჯილდო ჩამოართვა. ციხიდან გამოსვლა ბუდანოვმა ვადაზე ადრე, 2009 წლის იანვარში შეძლო, დაახლოებით ორი წლის შემდეგ კი მოკლეს.

გამოძიების მტკიცებით, ამ საქმეზე დაკავებულმა იუსუპ ტემირხანოვმა შური იძია მამის გამო, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩეჩნეთში 2000 წელს მოკლეს. ტემირხანოვს დანაშაული არ უღიარებია. მისი ადვოკატი მურად მუსაევი აცხადებდა, რომ ტემერხანოვი სამართალდამცავების მხრიდან დევნის მსხვერპლი გახდა და მის წინააღმდეგ მტკიცებულებები გააყალბეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]