გუბერნატორის თქმით, საუბარია კახეთის რეგიონში საერთოდ ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, თუმცა ადგილი ჯერ შერჩეული არ არის და განიხილება ტერიტორია თელავიდან წნორის ჩათვლით.
„ძალიან მზარდია საქართველოში და კონკრეტულად კახეთის რეგიონში ტურისტების რაოდენობა. მოთხოვნა ჩარტერული რეისებზე იზრდება. ქუთაისის აეროპორტი ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს. ასე რომ, ანალოგიური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს კახეთშიც აეროპორტს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მეზობელი სახელმწიფოს მოსახლეობა შეიძლება საკმაოდ აქტიურად გახდეს მომხმარებელი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გუბერნატორის განცხადებით, კახეთში აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში არ განიხილება ავიარესისები კახეთიდან თბილისის ან თბილისიდან კახეთის მიმართულებით. შიდა მიმართულებებიდან რაჭის, სვანეთის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებები განიხილება.
25 მარტს, სოფელ ახაშენში სასტუმროს „ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნის ღონისძიებაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება.
კახეთში ერთადერთი აეროპორტი „მიმინო“ თელავში ფუნქციონირებს, თუმცა ის საავიაციო უნივერსიტეტის მართვის ქვეშ არის და ძირითადად სასწავლო ფრენებისთვის გამოიყენება.