weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლებმა აქცია შეწყვიტეს

22:43 პარასკევი, 20 აპრილი 2018

„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლებმა, რომლებიც პროტესტის ნიშნად აგარიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ, ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია შეწყვიტეს. პროფკავშირების ინფორმაციით, დაახლოებით ორ თვეში ქარხანა სრულად ამუშავდება და 500-ვე თანამშრომელი მუშაობას გააგრძელებს.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დღეს შედგა შეხვედრა საწარმოს ხელმძღვანელებთან, კომპანიის მხრიდანაც დაისვა რამდენიმე საკითხი, თუ რა სჭირდება მუშაობის გასაგრძელებლად და გარკვეული საკითხები სამინისტრომ გაიზიარა. ამასთან, ბიზნესომბუდსმენის თქმით, ბანკების ასოციაციასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ "აგარის შაქრის" ქარხნის თანამშრომლებს, რომლებსაც ბანკებიდან სესხი აქვთ აღებული, ვალდებულება 6 თვით გადაუვადდებათ.

„ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ საკითხს და სხვადასხვა მხარესთან ვსაუბრობთ, რომ საწარმომ მუშაობა განაახლოს. ჩემი მოადგილე და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები 18 აპრილსაც იყვნენ ჩამოსულნი თქვენთან, სადაც გითხრეს, რომ დღეს გაიმართებოდა შეხვედრა ქარხნის მფლობელთან, რომელიც უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და დაიწყებოდა განხილვა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქარხანამ მუშაობა განაგრძოს. დღეს შედგა ეს შეხვედრა და დაისვა საკითხები, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ან კომპანიამ იმისთვის, რომ არამომგებიანობის თემა მოიხსნას და საწარმომ მუშაობა განაგრძოს. მომავალი კვირის დასაწყისამდე გარკვეული საკითხები დაზუსტდება, მათ შორის რა პერიოდით შეიძლება გაგრძელდეს რიგი საკითხების მხარდაჭერა. დღევანდელი მოცემულობით, თუ ამ საკითხების შეჯერება და გაზიარება მოხდა, სადღაც 2-თვიანი ჩარჩოა იმისთვის, რომ საწარმომ მუშაობა დაიწყოს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„აგარის შაქრის“ ქარხანა ექვს თვეზე მეტია გაჩერებულია. ქარხნის მფლობელების განცხადებით, მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც წარმოება შეაჩერეს. „აგარის შაქრის“ 500-მდე თანამშრომელი ქარხნის ამუშავებას ითხოვს. მათი თქმით, აგარის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნულ ქარხანაში იყო დასაქმებული, საწარმოს მუშაობის გაჩერების შემდეგ კი ისინი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]