weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

2-3 წელში შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის კანაფის ექსპორტზე - მაჭავარიანი

22:01 შაბათი, 15 სექტემბერი 2018

წლიდან წლამდე სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და სხვადასხვა პროგნოზით, 2024-2025 წლისთვის 25 მილიარდი დოლარის ბაზარი იქნება“, – აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრივანე მაჭავარიანი.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ კანაფის მოყვანისა და გადამუშავების სექტორი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახალია და ძალიან დიდი ტემპით იზრდება. ამის მაგალითად მან დიდი ბრიტანეთი, კანადა, ისრაელი და პორტუგალია მოიყვანა .

„პრინციპში, ეს ახალი ინდუსტრიაა. კულტურა თავისთავად ძველია.

 თრიაქით თრობა ისეთივე ძველია, როგორც, ალბათ, სამყარო, მაგრამ კანაფიდან ისეთი პროდუქტების დამზადება, რომლებიც სამედიცინო სფეროში გამოიყენება, არის ზუსტად სიახლე და დაკავშირებულია ახალ სამედიცინო ტექნოლოგიებთან.

აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მზარდი ბაზარი და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ჩავერთოთ ამ პროცესში, გავაძლიეროთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი და ვვარაუდობთ, რომ შემდგომი ორი-სამი წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე, რაც ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, კანაფის მოყვანა და გადამუშავება ექსპორტისა და გარე ბაზრისთვის არის მიმართული, ამიტომ ფინანსური მოგების დათვლა იოლი არ არის: „შიდა მოხმარებისთვის როდესაც თვლი, გაცილებით იოლია, გახვიდე სწორ ციფრებზე. აქ გასათვალისწინებელია საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურა, ვინ იქნებიან დისტრიბუტორები, როგორი იქნება ამ დროს სხვა ქვეყნების პოლიტიკა. ჩვენ ხომ არ ვიცით, ამ ინდუსტრიაში რამდენი ახალი მოთამაშე იქნება“.

მინისტრის თქმით, ამ წამოწყების ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ თავისი ბუნებით კანაფის მოყვანა-წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაა, ინოვაციურ მიმართულებას წარმოადგენს.

„ზუსტად ისეთ დარგებში, რომლებიც ახლა დუღილში იმყოფებიან, ახლა ხდება მათი ფორმირება, ზუსტად ახალ მიმართულებებში გვაქვს ყველაზე მაღალი შანსი გარღვევის. თუ ჩენ არ გავაკეთეთ ეკონომიკური გარღვევა, სიღარიბის გარღვევასაც ვერასდროს მოვახერხებთ.

აქ საკითხი ისე კი არ დგას - კანაფი გადაარჩენს თუ არა საქართველოს, არამედ ინოვაციური მიდგომა გადაარჩენს. ეს შეიძლება დღეს კანაფის მოყვანასა და ექსპორტში იყოს, ხვალ კულტურაში და ზეგ სხვა სფეროში.

სიახლეების, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა დარგში ხდება, კი არ შეგვეშინდეს, არამედ მოწინავეები, პირველები ვიყოთ, ვინც ამაში ჩაერთვება და აიტაცებს. ზუსტად ეს მოგვცემს შანს რომ გავარღვიოთ, თორე ისე ვიქნებით როგორც ვართ. 4-5%-იანი ეკონომიკური ზრდა სულაც არ არის ცუდი, თუ გადახედავთ რეგიონს. მაგრამ ამავდროულად ჩვენი ოპონენტები ამბობენ: კარგია 4-5%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ თუ ასე ვივლით, 20 წელიწადში ვიქნებით ბულგარეთი. მაგრამ ხომ გვინდა გარღვევა? ზუსტად კანაფი კი არ გაგვარღვევს, სწორედ ამ ტიპის გადაწყვეტილებები გაარღვევს ეკონომიკას და შესაბამისად, გაარღვევს სიღარიბეს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, მცენარე კანაფის მოყვანა-წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ​ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე კონტროლს დამოუკიდებელი სააგენტო განახორციელებს. კანონპროექტის მიხედვით, კანაფის ინდუსტრიაში 21 წლამდე ასაკის პირების ჩართვა/დასაქმება აკრძალული იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]