weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სიღნაღის ცენტრში ხეები გაკაფეს

12:41 ორშაბათი, 02 ივლისი 2018
ფოტო: ოთო გვაბერიძე / Facebook ფოტო: ოთო გვაბერიძე / Facebook

სიღნაღის ცენტრში, გზირიშვილის ქუჩაზე, მერიის კომუნალურის სამსახურის თანამშრომლებმა ხეები გაკაფეს, ტოტები ძირში მოაჭრეს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გოგილაშვილის განცხადებით, ხეების გაკაფვის მიზანი გამხმარი ტოტების მოჭრა იყო, თუმცა მათი მოჭრის შემდეგ „იერსახე დამახინჯდა“ და გადაწყვიტეს, საღი ტოტებიც მოეჭრათ.

„რამდენიმე ხეზე რომ გადავჭერით გამხმარი ტოტები, იერსახე ძალიან დამახინჯდა - ზოგან მოჭრილი აღმოჩნდა, ზოგან გადაბელვა იყო, ზოგან კიდევ დარჩა. სულ ერთნაირად უნდა იყოს, ლამაზად. ამ ხეების მოჭრა კი არ მოხდა, გამხმარი ტოტების მოჭრა მოხდა და ულამაზოდ გამოჩნდა, ამიტომ ერთნაირ დონეზე გადავჭერით, რომ ხელახალი ამონაყარი გაიკეთოს და ერთნაირად დაიბუჩქოს“, – უთხრა გიორგი გოგილაშვილმა „რეგინფოს“.

კითხვაზე, რატომ არ შეაჭრეს ხეებს გამხმარი ტოტები გაზაფხულზე, მერმა განაცხადა, რომ ხეებს ახლაც არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

სიღნაღის მერის მოადგილე, მადონა ბატიაშვილი კი განმარტავს, რომ ტოტების მოჭრა სპეციალისტების მეთვალყურეობით მოხდა.

„ამ ხეებს გამხმარი ტოტები ჰქონდა, ძირს იყრებოდა და გამვლელებს საფრთხეს უქმნიდა. როდესაც ჩვენმა სამსახურმა ხმელი ტოტების გადაჭრა დაიწყო, სპეციალისტს ვკითხეთ და გვირჩიეს, რომ გადაბელილიყო და დამუშავებულიყო ანტისეპტიკებით, რომ ხე შენარჩუნდეს“, – აღნიშნა მადონა ბატიაშვილმა.

ხეების გაკაფვის პროცესის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თვითმხილველებმა გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ ზაფხულის განსაკუთრებით ცხელ დღეებში ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები გზირიშვილის ქუჩაზე თავს ხის ჩრდილს ვეღარ შეაფარებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]