საკრებულოების მიერ მიღებული დადგენილებები, რომლითაც საბავშვო ბაღების დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებია განსაზღვრული, ადგენენ, რომ ამ თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი ფორმით არ წარადგენს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, ანდა წარმოდგენილი ცნობა ადასტურებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ ასეთი აკრძალვა შემოიღეს საგარეჯოს, ხულოს, ქალაქ ქუთაისის, გორის, მცხეთის, თერჯოლის, წყალტუბოს, ბაღდათის, თელავის, ბორჯომის, ზუგდიდის, ამბროლაურის, ონის, ვანის, ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, ნინოწმინდის, ქარელის, მარნეულისა და ასპინძის საკრებულოებმა.
წინა მოწვევის საკრებულოებიდან ანალოგიური შინაარსის აკრძალვა დამტკიცებული აქვთ ჩხოროწყუს, ადიგენის, მარტვილის, ქალაქ ბათუმის, ცაგერის, წყალტუბოს, წალენჯიხის, ხელვაჩაურის, შუახევის, მესტიის, ქალაქ რუსთავის, სენაკის, გარდაბნის, გურჯაანის, დმანისის, ქედას, თეთრიწყაროს, ქობულეთის, ქალაქ ფოთის, ხობის, ბოლნისის, აბაშის, ჩოხატაურისა და ყვარლის საკრებულოებს.
მუნიციპალიტეტებში აღნიშნული დადგენილებების მიღება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული. კანონის თანახმად, საბავშვო ბაღების დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები თითოეულ მუნიციპალიტეტს 2017 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დაემტკიცებინა.
აღსანიშნავია, რომ, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლისათვის პედაგოგიური საქმიანობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის უფლების 3 წლით ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დაიშვება.