weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ხანდოს ხეობაში პოლიციამ აქციის 6 მონაწილე დააკავა

22:18 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის წინააღმდეგ ხანდოს ხეობაში გამართული აქციის 6 მონაწილე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. ოთხი მათგანი მცხეთის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, 400-400 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა.

ამ დრომდე დაკავებულები არიან პაატა პატაშური და გიორგი ნარიმანიძე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დუშეთის ოფისის ადვოკატის, თამაზ ქაშიაშვილის ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. მისივე თქმით, სასამართლო მათ შესახებ სავარაუდოდ 11 მაისს იმსჯელებს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ბადრი დავითურის თქმით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრაქტორმა, რომელიც მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობისთვის მთის ფერდობზე გზას ჭრიდა, ხანდოს ხეობიდან გასვლა გადაწყვიტა. ბადრი დავითური ამბობს, რომ პოლიციამ ტრაქტორს ხეობიდან გასვლის უფლება არ მისცა.

"ჩვენ მშვიდობიანი აქცია გვქონდა. ვითხოვთ კვლევების ჩატარებას, რომ ენერგოგადამცემი ხაზის მშენებლობა არ გამოიწვევს დასხივებას, რომ ეს ეროზირებული მთა არ ჩამოიშლება. შევხვდით გუბერნატორის მოადგილეს. ის დაგვპირდა, რომ ჩამოვიდოდა და დაელაპარაკებოდა "ენერგოტრანსის" თანამშრომლებს. ამ დროს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა ტელევიზიით დააანონსა, რომ მთაზე მუშაობა გაჩერდებოდა ერთი კვირით და ჩატარდებოდა კვლევები. ამის შემდეგ ექსკავატორმა გასვლა დაიწყო. ჩვენ გაგვიხარდა და ტაში დავუკარით. როდესაც ტრაქტორი გადიოდა, პოლიციის მაღალჩინოსანი წინ გადაუდგა და მოსთხოვა, მუშაობა გაეგრძელებინა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. რამდენიმე ბიჭი პროვოკაციაზე წამოაგეს, ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს. ოთხი ბიჭი უსაფუძვლოდ დააჯარიმეს. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და აქციებსაც გავაგრძელებთ", - ამბობს ბადრი დავითური.

აქციაში დაახლოებით 150-მე ადამიანი მონაწილეობდა, სამაგიეროდ, ხანდოს ხეობაში ათობით პოლიციელის გარდა, სპეციალური დანიშნულების რაზმიც იყო მობილიზებული.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციები არასამთავრობო ორგანიზაციების მართულია, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში ყველა მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

სინამდვილეში, არც აქციის მონაწილეები და არც გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, რომლებიც 500 კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ, პროექტის განხორციელების წინააღმდეგები არ არიან. ისინი ითხოვენ, მაღალი ძაბვის ხაზები საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებით განთავსდეს, რათა მოსახლეობას პირველ რიგში ჯანრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნას.

სპეციალისტების განმარტებით, ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივება ხელს უწყობს ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორიც არის ლეიკემია, არაჰოჯკინის ლიმფომა, კუჭ-ნაწლავის კიბო, ტვინის სიმსივნე, იმუნური სისტემის დაქვეითება, თავის ტკივილი, მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია, ემბრიონის გარდაცვალება და სხვა.

500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი პროექტის მიხედვით მთიულეთის და ხევის ტერიტორიაზე გადის. ხაზი რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიზნით შენდება. მშენებლობას სახელმწიფო კომპანია "ენერგოტრანსი" ახორციელებს. ამ დროისთვის ხანდოს ხეობაში სამუშაოები შეჩერებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]