weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

სიღნაღის პოლიციაში 37 წლის მამაკაცს ნეკნები ჩაუმტვრიეს

11:20 ორშაბათი, 22 მაისი 2017

37 წლის ვლადიმერ მჭედლიშვილი სიღნაღის პოლიციაში სრულიად ჯანმრთელი შეიყვანეს, სხეულის დაზიანებების გარეშე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებისას სისხლნაჟღენთები ჰქონდა მარცხენა თვალბუდის და მენჯის არეში. იზოლატორში ყოფნისას, ერთ ღამეში 2–ჯერ დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა. სააადმყოფოში გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მას მე–6, მე–7 და მე–8 ნეკნების მოტეხილობა აქვს. ვლადიმერ მჭედლიშვილის თქმით, ის სიღნაღის პოლიციის შენობაში პოლიციელმა გიორგი ნოზაძემ ცემა.

ვლადიმერ მჭედლიშვილი ამბობს, რომ 15 მაისს, მეგობართან ერთად სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ლუდს სვამდა, რა დროსაც მასთან პოლიციელი მივიდა და უთხრა, რომ იმ ადგილზე ლუდის დალევა არ შეიძლებოდა.

„ბიჭები ვიყავით შეკრებილები. არავის არაფერს ვუშავებთ მეთქი – ვუთხარი პოლიციელს. მეორე პოლიციელიც მოვიდა და ტელეფონით გადაღება დაგვიწყო. ვკითხე, რატომ გვიღებდა. მითხრა, რომ კანონს ვარღვევდი და ამიტომ. მე ეს კანონი არ ვიცოდი და ლუდი კიდევ მოვსვი. მომცვივდნენ, გადამიგრიხეს ხელები და დაახლოებით 10 მეტრი ხელებგადაგრეხილი მივყავდი. მე ვუთხარი, ხელებს ნუ მიგრეხთ, წინააღმდეგობას არ გიწევთ და მოგყვებით მეთქი. სადაც დამაკავეს, ის ადგილი პოლიციის შენობიდან დაახლოებით 40–50 მეტრშია.

პოლიციის შენობაში, ხელმარცხნივ პირველივე ოთახში შეყვანისთანავე პოლიციელმა გიორგი ნოზაძემ ცემა დამიწყო. ორი პოლიციელი მაკავებდა, ნოზაძე მაგინებდა და მირტყამდა. როცა ნახეს, რომ წინააღმდეგობას არ ვუწევდი და არც ვაგინებდი, ხელი გამიშვეს. მხოლოდ თავს ვიცავდი.

დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა მუშტებით, ხელებით, ფეხებით, თავის არეში, ფერდებში. როცა დავეცი, რამდენჯერმე წიხლი ჩამარტყა მენჯის არეში. ტკივილს ვეღარ ვუძლებდი და ვუთხარი, ნუ მირტყამ, ძალიან მტკივა, მგონი რაღაც გამიტყდა მეთქი. ამ სიტყვების მერე იმ ადგილში უფრო მეტად დამიწყო წიხლის ჩაცემა.

ამის მერე იქ მყოფ პოლიციელებს უთხრა, რომ შეედგინათ ჩემი დაკავების ოქმი. ცხელ ხაზზე ან ოჯახის წევრებთან დარეკვა მოვთხოვე და უარი მითხრა, არ დამარეკინა“, – უამბო „რეგინფოს“ ვლადიმერ მჭედლიშვილმა.

სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორიც პოლიციის შენობაშია. იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებულს ჰკითხეს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ხომ არ ჰქონდა.

„იზოლატორში მორიგემ როცა ნახა, რომ დაზიანებები მქონდა, მკითხა, ექიმი ხომ არ მჭირდებოდა. გამოიძახეს სასწრაფო, გამიკეთეს ტკივილგამაყუჩებლები და მერე შემიყვანეს საკანში. იზოლატორის თანამშრომელმა გამომკითხა დაზიანებები სად მივიღე. მე ვუთხარი, რომ პოლიციის შენობაში პოლიციელმა მცემა, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ პროკურატურას შეატყობინეს. იმ ღამეს, გამთენიისას კიდევ დამჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა. რამდენიმე საათის შემდეგ, დილით, იზოლატორიდან გამიყვანეს პოლიციელ გიორგი ნოზაძესთან. მან მითხრა, რომ მათავისუფლებდა დაკავებიდან და დამირეკავდნენ, სასამართლოში როდის უნდა მივსულიყავი. წამოვედი სახლში და დავწექი. სახლშიც დამჭირდა სასწრაფო“, – ამბობს ვლადიმერ მჭედლიშვილი.

ადმინისტრაციული სამსართალდარღვევის საქმე სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე პაატა ნოზაძემ 16 მაისს განიხილა.

ფოტოზე: ვლადიმერ მჭედლიშვილი, დაზიანება სახეზე ინციდენტიდან მე-6 დღეს © Reginfo.ge

„ამ პოლიციელმა ისე წარმადგინა, რომ თითქოს, გარდა იმისა, რომ ლუდს ვსვამდი და ამით კანონი დავარღვიე, დაკავებისას აგრესიული გავხდი, პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე და წინააღმდეგობას ვუწევდი. მოსამართლე ნოზაძეს ვუთხარი, რომ დაკავების ადგილზე რამდენიმე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული და მე თუ წინააღმდეგობას ვუწევდი და შეურაცხყოფას ვაყენებდი, პოლიციას ეს ვიდეომასალა წარმოედგინა. გარდა ამისა, იქ სიღნაღის მცხოვრებლებიც იმყოფებოდნენ და ნახეს, რომ მე წინააღმდეგობა არ გამიწევია და არც შეურაცხყოფა მიმიყენებია. როცა დამაკავეს, ჩემი ნებით გავყევი. მოსამართლეს ჩემს თხოვნაზე გაეღიმა“, – აღნიშნავს ვლადიმერ მჭედლიშვილი.

მოსამართლე პაატა ნოზაძემ ვლადიმერ მჭედლიშვილი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას. სასამართლომ ვლადიმერ მჭედლიშვილს 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ, პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო.

მომხდარიდან მესამე დღეს, ძლიერი ტკივილების გამო ვლადიმერ მჭედლიშვილმა წნორში „არქიმედეს კლინიკას“ მიმართა. რენტგენოლოგიური გამოკვლევის შემდეგ მას ნეკნების მოტეხილობა დაუდგინეს და მკურნალობა დაუნიშნეს.

 

კბილები ჩაუმტვრიეს, კისრის მალები მოტეხეს...

2015–2016 წლებში კახეთში პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემისა და არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ფაქტი გახმაურდა.

2016 წლის 5 თებერვალს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე 19 წლის გიორგი მოლაშვილმა განაცხადა, რომ 3 თებერვალს, საღამოს, ის ყვარლის პოლიციის შენობაში ცემეს. „მაგიდაზე დამახეთქა, ზემოდან დამაჯდა და ცემა დამიწყო. ხელებზე ბორკილების დადების შემდეგ მეტლახზე დამაგდეს. ბორკილებდადებულ ხელზე პოლიციელმა გუგულაშვილმა ფეხი დამადგა, რომ ცემის დროს წინააღმდეგობა ვერ გამეწია. ამის შემდეგ პოლიციის უფროსის კაბინეტში შემიყვანეს, პოლიციის უფროსმაც მცემა, მუშტით სახეში“, – აღნიშნა გიორგი მოლაშვილმა.

2015 წლის 29 ოქტომბერს, ქალა-ტვინის დახურული ტრავმის და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს 19 წლის ლადი ელიკაშვილი. ელიკაშვილს ტუჩზე ჭრილობაც ჰქონდა. მისი თქმით, გურჯაანის პოლიციის უფროსის ოთახში სცემეს და ორი კბილიც ჩაუმტვრიეს. „მას შემდეგ რაც დავსისხლიანდი, ტუალეტში შემიყვანეს, პირი დამაბანინეს, ჩემი ოჯახის წევრებს რომ არ დაენახათ. პოლიციის უფროსმა გიორგი კრაწაშვილმა მითხრა, ასე იტყვი, ვითომ კიბეებზე წაიქეცი და დაზიანებები მაშინ მიიღეო“, – ამბობს ლადი ელიკაშვილი.

2015 წლის 21 მაისს, ტვინის შერყევისა და სხეულის დაზიანებებით (კისრის მოტეხილობა) გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძეც. მას შემდეგ, რაც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჭაბუკაძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის პოლიციის შენობაში ცემეს, გამომძიებელმა დავით ყოჩიშვილმა ნაცემს საავადმყოფოში, პალატაში მიაკითხა და მუქარის შედეგად, აიძულა ხელი მოეწერა წინასწარ დაწერილ ჩვენებაზე, თითქოს სახლში, კიბეზე დაგორდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და დაზიანებები მაშინ მიიღო. მოგვიანებით ჭაბუკაძემ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, პოლიციელები საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მას იარაღის ჩადებით და დაპატიმრებით დაემუქრნენ.

ეს კახეთის პოლიციის სამმართველოებში მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტების არასრული ჩამონათვალია. პროკურატურამ ამ ფაქტებზეც დაიწყო გამოძიება, რომელიც დღემდე გრძელდება და არცერთი პოლიციელი არ არის დასჯილი.

 

169 საქმეზე მხოლოდ 5 პოლიციელია პასუხისგებაში მიცემული

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა მთავარი პროკურატურიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რამდენ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ფაქტებთან დაკავშირებით, რამდენი პოლიციელია მიცემული პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და რა სახის აღკვეთის ღონისძიება აქვთ მათ შეფარდებული.

პროკურატურიდან კანონით დადგენილი ვადების დარღვევით გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით 2016 წელს სულ აღიძრა 169 საქმე, მათი იურიდიული კვალიფიკაცია კი ყველა შემთხვევაში განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი კონკრეტულად არ არის მითითებული), რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

იმავე ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნულ საქმეებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია მხოლოდ 5 პოლიციელი, რაც საქმეთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 2,9 %-ია. ამასთან, ყველა მათგანს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი ამ შემთხვევაშიც არ არის მითითებული).

რაც შეეხება, ბრალდებულ პოლიციელთა მიმართ შერჩეულ აღკვეთის ღონისძიებებს, ამ საკითხზე პროკურატურამ ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდა.

„პროკურატურის ორგანოების მხრიდან ადგილი აქვს აშკარად ლოიალურ დამოკიდებულებას ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პოლიციელთა მიმართ. საყურადღებოა, რომ პროკურატურა არ ასაჯაროებს ინფორმაციას ბრალდებულ პოლიციელთა მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ, რაც შესაძლოა ირიბად მიანიშნებდეს იმაზე, რომ ამ კატეგორიის საქმეებზე უმეტესწილად გამოიყენება არასაპატიმრო ღონისძიებები“, – ამბობს საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, იურისტი გელა შაშიაშვილი.

მისივე თქმით, პოლიციელთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის უკლებლივ ყველა ფაქტი დაკვალიფიცირებულია როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

„სავარაუდოა, რომ ამ კატეგორიის საქმეთა გამოძიებისას პროკურატურის ორგანოები, მიუხედავად სათანადო საფუძვლის არსებობისა, შეგნებულად არ აკვალიფიცირებენ პოლიციელთა ქმედებებს კოდექსის უფრო „მძიმე მუხლებით“, როგორიცაა, მაგალითად, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 144.3) და ა.შ“, – აღნიშნავს გელა შაშიაშვილი.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციაში კონკრეტულად არ არის მითითებული დანაშაულთა ზუსტი კვალიფიკაცია, რის გამოც შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, თუ რამდენ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი ქმედების ჩადენას დამამძიმებელ გარემოებებში, - ძალადობის ან იარაღის გამოყენებით, ანდა დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]