weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ქვემო მაჩხაანის და ზემო ბოდბის ახლად რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებში ჭერი ჩამოინგრა

15:47 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში დღეს მისულ აღმზრდელებსა და ბავშვებს ჭერი ჩამონგრეული დახვათ. როგორც „რეგინფოს“ ბაღის დირექტორმა, მარინე იაკობიშვილმა უთხრა, თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერი მთლიანად იმ ოთახშია ჩამონგრეული, სადაც ბავშვები თითქმის მთელ დღეს ატარებენ.

„საბავშვო ბაღის მთლიან შენობას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა. ეტყობა უხარისხოდ იყო შესრულებული სამუშაოები. ეს რომ სამუშაო საათებში მომხდარიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა შედეგი მოჰყვებოდა? დღეს სააღმზრდელო პროცესი აღარ გაგრძელებულა, 12-ვე ბავშვი სახლში გავუშვით. კომპანია, რომელმაც სამი წლის წინ რეაბილიტაცია ჩაატარა, ჭერს ორშაბათამდე გააკეთებს“, – განაცხადა მარინე იაკობიშვილმა.

ორი დღის წინ ჭერის ნაწილი ჩამოინგრა ზემო ბოდბის საბავშვო ბაღშიც. დაწესებულების დირექტორის, ნინო მჭედლიშვილის თქმით, შემთხვევა დღისით მოხდა, როდესაც ბავშვები საბავშვო ბაღში იყვნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. „რეგინფოსთან“ დირექტორი ამბობს, რომ ჭერი დაახლოებით 1.5 მეტრის სიგრძეზეა ჩამონგრეული.

„ჭერი სამი წლის წინ გაკეთდა, მაგრამ ძველი შენობაა და ალბათ, ამიტომ ჩამოინგრა“, – აღნიშნა ნინო მჭედლიშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღის შენობის სრულ რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო ზემო ბოდბის საბავშვო ბაღში მხოლოდ ჭერი გაკეთდა, რაც 4300 ლარი დაჯდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საგარანტიო ვადა უკვე გასულია, კომპანია ჭერს შეაკეთებს. ორივე საბავშვო ბაღში ზარალის ოდენობა დაახლოებით 3000 ლარია“, – განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]