ქალს ბენზიანიანი ბოთლი და სანთებელა პოლიციის თანამშრომლებმა წაართვეს, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
სტატისტიკის ყოფილ შენობაში შესახლებული 12 ოჯახი საცხოვრებლის დატოვებაზე უარს ამბობს და ფართის დაკანონების მოთხოვნით რამდენიმე თვეა პერიოდულად აქციებს მართავს. აღნიშნული შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 615 ათას ლარად ჯემალ რომანაძეზე გაასხვისა. მოქალაქეები ამბობენ, რომ შენობის მიმართ ინტერესი ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს აქვს.
„ჩვენი საცხოვრებელი ფართი იყიდა, უსახლკაროდ დაგვტოვა, გვემუქრება გარეთ გამოყრით. გვითხრა, რომ არჩევნების შემდეგ შენობას დაანგრევს. 12 ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით უსახლკაროდ ვრჩებით“, – თქვა ქალმა, რომელმაც თავის დაწვა სცადა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ საცხოვრებელი ფართებით ოჯახების დაკმაყოფილების თაობაზე ინვესტორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. მირიან ქათამაძის თქმით, აქციები პოლიტიკურად მართულია.
„დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია თითოეული ოჯახიდან ელოდა ზუსტ მონაცემებს, თუ რამდენ კვადრატულ მეტრ ფართს ფლობენ და ამის მიხედვით, პროპორციულად, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ამ ოჯახების ინტერესი საცხოვრისთან დაკავშირებით. ამაზე ძალიან რეალური, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ეს ადამიანები რჩებიან ამ შენობაში და ეს გადაწყვეტილება ძალიან მყარია“, – განაცხადა ქობულეთის მერმა.
სტატისტიკის ყოფილ შენობაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ: „თუ დროულად არ დაგვეხმარება ეს მთავრობა, ყველა იმაზე უარესს გააკეთებს, რაც დღეს მოხდა“.