weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

იმ ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დროებითი წინაღობა გაკეთდება – მერის მოადგილე

18:05 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021
თეა გოდოლაძის მიერ გადაღებული კადრები თეა გოდოლაძის მიერ გადაღებული კადრები

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა თქვა, რა სამუშაოების ჩატარება იგეგმება მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში. მისი განცხადებით, ძირითად, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების და მერიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მოსაზრებები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

„წლების მანძილზე აქ მიმდინარეობდა გარკვეული სახის მშენებლობები. ჩვენი პირველი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თვითონ ამ ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუყოვნებლივ დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა.

ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ აქტიური მეწყერი, რომელიც მოძრაობაშია. წინაღობა გაკეთდება და ეს იქნება დროებითი. ამის შემდეგ მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელი გზები უშუალოდ მეწყრულ ადგილზე. შემდეგში მოხდება გარკვეულ უბნებზე მიწის მასების მოჭრა და გატანა. ტერასული ტიპის გარკვეული სამუშაოები უნდა განხორციელდეს.

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დაანკერება, რაც ნიშნავს, რომ ეს მცოცავი ფერდის მოძრაობის შეჩერება სხვა ღონისძიებებთან ერთად მოხდეს ანკერული პრინციპით. ეს მეთოდი არ არის ჩვენ მიერ მოგონილი, აპრობირებული მეთოდია, თბილისშიცაა გამოყენებული, წყნეთი-ბეთანიის მეწყრის დროს და ა.შ.“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.

„მეწყრის ზონაში მიმდინარე ყოველდღიური მონიტორინგის პარალელურად, ერთ კვირაში, დამატებითი, არაერთ ქვეყანაში წარმატებით აპრობირებული თანამედროვე მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება“, – თქვა ბენდელიანმა.

ორი დღის წინ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ მეწყერული სხეული დღეში 5 სანტიმეტრით გადაადგილდება. მისივე თქმით, ნაპრალების სიღრმე დაახლოებით 18 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 18 მეტრამდე ქანები არ არის მყარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]