weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

დამატებით კარვებს ვშლით, 23 მაისამდე გუმათში ვიქნებით – გოლეთიანი

01:18 ორშაბათი, 26 აპრილი 2021

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვალამ გოლეთიანის განცხადებით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში დამატებით კარვებს გაშლიან და პროტესტის რეჟიმს შეცვლიან. მისივე თქმით, 23 მაისამდე, თბილისში გასამართ აქციამდე, გუმათში დარჩებიან და მოემზადებიან.

„ხვალიდან დამატებით კარვებს ვშლით გუმათში და ასე ვთქვათ, რეჟიმს ვცვლით, იმიტომ, რომ 23 მაისამდე ჩვენ ისევ გუმათში უნდა ვიყოთ და ამისთვის გვჭირდება გარკვეული რეჟიმის შემუშავება, რომ არ მოხდეს პოლიციის მხრიდან დაძაბვა და სხვადასხვა პროვოკაციული მოქმედებების პროვოცირება. ამისთვის თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავაძლიეროთ კონტროლი და უზრუნველვყოთ ჩვენი პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელება. ამისთვის გვჭირდება ყველა იმ ადამიანის დახმარება, ვინც ჩვენთან მოდის“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, ვნების კვირის, აღდგომისა და რელიგიურად მნიშვნელოვანი სხვა დღეების შემდეგ, საპროტესტო აქციები დაიწყება.

„გეგმაში გვაქვს, რომ სხვადასხვა ქალაქში ჩავატაროთ აქციები და საბოლოოდ დედაქალაქში, 23 რიცხვში, მასშტაბური აქცია გაიმართება.

ეტაპობრივად მივდივართ აქამდე. მთელი ეს დრო, რაც 23-მდე გვაქვს, გვჭირდება, რომ განსაკუთრებულად მოვემზადოთ, რადგან როცა დედაქალაქში გადავინაცვლებთ, საბოლოოდ იქ შედეგი უნდა დავდოთ. ყველაფერს სჭირდება დაგეგმვა და დაგეგმვას სჭირდება დრო“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები ნახევარი წელია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებას. მათი მთავარი მოთხოვნებია მთავრობასა ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა, კომპანიისთვის გადაცემული მიწების სახელმწიფოსთვის დაბრუნება და ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებაზე უარის თქმა.

პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულეს, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალეს, აყარეს და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებენ. საპოლიციო ძალებს ხეობის შესასვლელ-გასასვლელი ჩაკეტილი აქვთ.

თებერვალსა და მარტში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამი მოთხოვნა დააყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, მზად იყვნენ დიალოგი გაეგრძელებინათ. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა.

24 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნამახვანჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხეობაში დარჩება პოლიციელების შემცირებული რაოდენობა და აქციის მონაწილეებს მათთან კოორდინაციით კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა ექნებათ.

მთავრობის უარის შემდეგ, მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საპროტესტო აქციების გაგრძელება დააანონსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]