weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს

11:50 შაბათი, 22 მაისი 2021

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დაესწრნენ.

„ძალიან სიმბოლური დღეა დღეს. ძალიან დიდი ემოციებით აღსავსე ვარ, რამეთუ დღევანდელი დღე იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, რუსეთ-საქართველოს ბრძოლის დროს მყოფი უკანასკნელი მთავარსარდალი და საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ იმდროინდელი რუსეთის მე-11 არმიაზე, დაბრუნება, გამარჯვება. ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

ეროვნული გმირის ნეშტი 22 მაისიდან 26 მაისამდე სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, ხოლო 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მას მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

გიორგი კვინიტაძე 1974 წლის 21 აგვისტოს დაღესტანში პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუაც და მამაც სამხედროები იყვნენ, ამიტომ გიორგის ბედი პატარაობაშივე გადაწყდა, მას მამის მსგავსად რუსეთის არმიაში უნდა ემსახურა. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 10 წლის გიორგი ტფილისის კადეტთა კორპუსში მიაბარეს, საიდანაც სწავლა პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელში განაგრძო და წარმატებით დაამთავრა კიდეც ოფიცრის წოდებით.

გიორგი კვინიტაძე მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905 წლები) და პირველ მსოფლიო ომებში (1914-1918 წლებში). 1917 წელს გენერალი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა. მან მიზნად დაისახა რეგულარული ქართული არმიის შექმნა და გაწვრთნა.

1919 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით თბილისში დაარსდა იუნკერთა ქართული ორწლიანი სასწავლებელი.

1918-1921 წლებში გენერალი კვინიტაძე დამოუკიდებელ საქართველოს საბჭოთა რუსეთისგან იცავდა. 1921 წლის თებერვალში რუსეთის მე-11 არმია მოულოდნელად დაესხა თავს საზღვართან განლაგებულ ქართულ ნაწილებს. 16 თებერვალს გიორგი კვინიტაძე ქართული არმიის მთავარსარდლად დაინიშნა. მან სასწრაფოდ გამოიხმო საზღვრიდან გადარჩენილი ნაწილები, მას სარეზერვო ქვედანაყოფები და იუნკერთა სკოლის კურსანტები დაუმატა და თბილისის დაცვის მოწყობას შეუდგა. დაცვა იმდენად ეფექტურად იყო ორგანიზებული, რიცხვით სამჯერ მეტმა მტერმა ქართველების თავდაცვითი ხაზის გარღვევა გააფთრებული ბრძოლების შედეგადაც ვერ შეძლო. 23-24 თებერვალს ბოლშევიკებმა შეტევა გააძლიერეს და თბილისი ალყაში მოქცევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ქართული ჯარის სიმცირემ, მოწინააღმდეგის დიდმა რიცხობრივმა უპირატესობამ, რეზერვების უქონლობამ მთავარსარდალი აიძულა თბილისი დაეცალა.

1921 წლიდან გიორგი კვინიტაძე მეუღლესთან მარიამ მაყაშვილთან და მცირეწლოვან სამ შვილთან ემიგრაციაში წავიდა. ის ჯერ კონსტანტინოპოლში იყო, ხოლო 1922 წლიდან საფრანგეთში, შატუში. პირველი ოთხი თვე საქართველოს ყოფილი მთავრობისგან სუბსიდიას ღებულობდა. დახმარების შეწყვეტის შემდეგ, ერთხანს პატეს გრამფირფიტების ქარხანის მუშა იყო, მოგვიანებით კი მაწვნის მომზადება და გაყიდვა დაიწყო.

გიორგი კვინიტაძეს არც უხოეთში შეუწყვეტია აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, სხვადასხვა გამომცემლობაში აქვეყნებდა სტატიებს და მოგონებებს. 1922 წ. დაწერა „მოგონებები“, რომელიც 1961 წელს შეავსო და უძღვნა მეუღლის ხსოვნას. 1985 წელს პარიზში მისი მემუარები დაიბეჭდა. გიორგი კვინიტაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

უცხოეთში გადახვეწილი გენერალი 1970 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა პარიზთან ახლოს შატუში. ის შატუს სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]