weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ სოფელ გუმათში 8 ადამიანი დააკავა

23:35 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021

რიონის ხეობის შესასვლელთან, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შემდეგ რვა პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული, თუმცა, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რომელი მუხლის საფუძველზე.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მადონა ბასილიძის ინფორმაციით, დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები).

დღეს, დაახლოებით 21:30 საათზე, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობაში შესვლა მოითხოვეს, რათა ენახათ, შეჩერებული აქვს თუ არა ნამახვანჰესის მშენებლ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ სამშენებლო სამუშაოები. ხელებაწეულ დემონსტრანტებს პოლიციამ არ მისცა რკინის ბარიკადების გადაკვეთის საშუალება, რასაც მხარეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის ორი მონაწილის დაკავება მოხდა.

რკინის ჯებირებთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, „დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე“. შსს-ს განცხადებით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

ამ დროისთვის, აქციის მონწილეები პროტესტს პოლიციის მიერ აღმრთულ რკინის ჯებირებზე ხელების რტყმით გამოხატავენ. პროტესტის ამავე ფორმას მათ გუშინაც მიმართეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა „უსაფრთხოების მიზნით განთავსებული“ რკინის ჯებირები დააზიანეს.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები შვიდი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. 23 მაისიდან ისინი თბილისში მართავდნენ საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს, გუშინ, 26 მაისის აქციის შემდეგ კი სოფელ გუმათში დაბრუნდნენ და რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, რიონის ხეობაში შესასვლელი ორივე გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი მოთხოვნებია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]