weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

იმედია, არ დაგვჭირდება სასამართლოსთან აქციის ჩატარება – გოლეთიანი

14:45 პარასკევი, 28 მაისი 2021

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე წუხელ დაკავებული რვა პირის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები უარყოფენ იმ სამართალდაღვევების ჩადენას, რაც მათი დაკავების ოქმებშია მითითებული. ამასთან ისინი აცხადებენ, რომ დაკავების დროს პოლიციელთა მხრიდან ძალადობისა და ცემის მსხვერპლნი გახდნენ.

ზაალ გორგიძემ, რომელიც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელია, „რეგინფოს“ უთხრა, რომ სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების საკითხზე სახალხო დამცველს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავენ.

სასამართლო პროცესის ჩატარების დრო ჯერ უცნობია. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას დაელოდებიან და იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, სასამართლოსთან აქციებს გამართავენ.

„იმედს ვიტოვებთ, რომ არ დაგვჭირდება სასამართოსთან ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარება და მოხდება იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც აბსოლუტურად უსამართლოდ არიან დაკავებული. მათ არანაირი წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გაუწევიათ, ძალადობას ვგულისხმობ. ჩვენ მშვიდობიანად, ხელებაწეული ვცდილობდით გადავსულიყავით ბარიკადის მეორე მხარეს.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამას გავაკეთებთ ყოველდღე და ის, რაც წუხელ მოხდა რიონის ხეობაში აღმართულ ბარიკადთან, გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ზოგადად, სამართლიანობა არ აღდგება“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გუშინ, დაახლოებით 21:30 საათზე, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობაში შესვლა მოითხოვეს, რათა ენახათ, შეჩერებული აქვს თუ არა ნამახვანჰესის მშენებლ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ სამშენებლო სამუშაოები. ხელებაწეულ დემონსტრანტებს პოლიციამ არ მისცა რკინის ჯებირებს მიღმა გადასვლის საშუალება, რასაც მხარეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელსაც დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისიდან სოფელ გუმათში 26 მაისის დაბრუნდნენ და რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებს. გზა გადაკეტილია ხეობის მეორე შესასვლელთანაც – სოფელ ტვიშში.

თავის მხრივ, ჰესის მოწინააღმდეგეებს ხეობაში არ უშვებს გუმათის ბლოკპოსტთან მობილიზებული ასობით სამართალდამცველი.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამბობენ, რიონის ხეობაში შესასვლელი ორივე გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი მოთხოვნებია: „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]