weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

დღეს 5 ადგილი გამოვიცვალეთ, ყველგან რამდენიმე წუთში მოგვადგნენ, როგორ? – თაბაგარი

20:41 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

სამოქალაქო გაერთიანება „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი, გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებმა დღეს ადგილი ხუთჯერ გამოიცვალეს, თუმცა ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მათ ყველგან რამდენიმე წუთში აგნებდნენ.

„ხუთი სხვადასხვა ადგილი გამოვიცვალეთ დღეს. ყველგან რამდენიმე წუთში მოგვადგნენ. ერთ ადგილას რაღაც ასაფეთქებელი შემოაგდეს საერთოდ. რანაირად? სუს-ის და სახელმწიფოს დახმარების გარეშე როგორ მობილიზდებოდა ეს ხალხი ასე ეფექტურად?!“, – წერს გიორგი თაბაგარი სოციალურ ქსელში.

დღეს, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მიერ პრაიდის კვირეულის ბოლო ღონისძიების – „ღირსების მარშის“ გამართვა იყო დაანონსებული. სხვადასხვა ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის შენობასთან დილიდან მობილიზდნენ. ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი. მარშის მოწინააღმდეგეები ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებით გადაადგილდებოდნენ, იგინებოდნენ და ძალადობით იმუქრებოდნენ. ისინი ავიდნენ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე, ჩამოაგდეს ცისარტყელასფერებიანი დროშა და დაწვეს, რის შემდეგაც ოფისში უკანონოდ შეიჭრნენ.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები 40-მდე ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააზიანეს მათი ტექნიკაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა უწყებას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ხალხს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ. ბოლო დღეებში ეკლესიამ მრევლს რამდენჯერმე მოუწოდა „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრება და მსოფლიოსთვის ჩვენება, რომ „საკუთარ ღირსებას იცავენ“.

დღევანდელი ძალადობის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარშის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]