weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

ეს იყო საქართველოში პრორუსული ძალების გაძლიერების დღე – გიორგი თაბაგარი

17:24 სამშაბათი, 06 ივლისი 2021
ფოტო © REUTERS/Irakli Gedenidze ფოტო © REUTERS/Irakli Gedenidze

თბილისი პრაიდის დამფუძნებლის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაიცვა ლგბტ თემის წარმომადგენლები და ჟურნალისტები, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ ჯგუფების მობილიზების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

„გუშინ 3 ათასამდე ადამიანი იყო გამოსული გარეთ. არ ვიცი, ვინმეს თუ აქვს ეს მეტ-ნაკლებად დათვლილი, მაგრამ დაანონსებული 20 და 30-ათასიანი აქცია ეს არ იყო. არაერთი აქცია და სპეცოპერაცია გვინახავს, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა ძალა, მათ შორის, გადამეტებითაც, თუმცა გუშინ ამას არ აკეთებდნენ. მათ თვალწინ ხდებოდა ძალადობა, მათ თვალწინ არბევდნენ ოფისებს, მაგრამ პოლიცია იყო ძალიან არაფერქტური.

ვფიქრობ, რომ ალბათ ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება. სხვანაირად ვერ ვხსნი, თუ რატომ არ იღებდნენ ზომებს პოლიციელები, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ.

იცოდნენ ძალიან კარგად, რომ ეს ჯგუფები ორგანიზდებოდნენ არა მხოლოდ ლგბტ ადამიანების მიმართ, არამედ მთლიანად ლიბერალური წესირიგის, სამოქალაქო სექტორის, ელჩების, მათ შორის, მედიის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფოს, მაგრამ მათ არაფერი გააკეთეს, რომ გუშინ ჟურნალისტებზე, ჩვენზე ძალადობა არ მომხდარიყო. ეს იყო პოლიტიკური ნების არ არსებობა ან ამ ბანდფორმირებების გამოყენება თავიანთი ინტერესებისთვის. ეს იყო პრორუსული ძალების გაძლიერების დღე საქართველოში და ძალიან სამწუხარო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

ძალადობისა და ოფისის დარბევის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ფაქტი გამოავლინეს, ამ დრომდე მხოლოდ 3 პირია დაკავებული ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]