weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც, შსს-ს მტკიცებით, ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა

17:08 ორშაბათი, 19 ივლისი 2021

პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუშინ, ფონიჭალაში დაკავებულ ფ.ა.-ს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით წარედგინა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ფ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ნაწილი 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში, უკანონოდ გაასაღა შვიდ პირზე, მათ შორის ლექსო ლაშქარავაზე.

„კერძოდ, 500 ლარის სანაცვლოდ მან ადგილზე შეკრებილ პირებს: ნ.ნ.-ს, ა.ლ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ.კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ.-ს გადასცა ერთი შეკვრა ნივთიერება „ჰეროინი“, (კუსტარული ჰეროინი) ე.წ. „სირეცი“, 2 გრამის ოდენობით, ხოლო დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას ფ.ა. უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე, ამავე მისამართზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლში. ფ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 9,4984 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.

ფ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს პროკურატურა.

ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. მანამდე, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფმა მას სასტიკად სცემა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში. ოპერატორს, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, სახის ძვლები დაუმტვრიეს, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკაში პაციენტი სწორად მართეს.

ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება მიუთითებს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.

„ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკარაბინოლი, გაბაპენტინი და მონოაცეტინმორფინი. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება“, – განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

ოჯახის წევრებს შსს-ს ვერსიის არ სჯერათ. მათი თქმით, ლექსოს ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ მორფინი აღმოეჩინათ, რომელსაც ძლიერი ტკივილების გამო „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკეთებდნენ. გამოძიებას არ ენდობა არც ტელეკომპანია „პირველი“. ამ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ჟურნალისტებზე ძალადობისთვის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.

ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირია დაკავებული. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ იძალადეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]