weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა

18:31 სამშაბათი, 20 ივლისი 2021

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან დაკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაადასტურეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დიმიტრი გვრიტიშვილთან გასაუბრება პირველ ივლისს ჩაატარა.

„თუ თქვენი მხარდაჭერაც იქნება და საბოლოოდ საქართველოს პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზეც საკუთარ თავზე დაუღალავი შრომით, საქმესთან მიმართებაში სათანადო გულისხმიერებით, მხარეებთან თანასწორი მოპყრობით და ა.შ. ვფიქრობ, რომ გავუძღვები ამ უდიდეს პასუხისმგებლობას, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა ჰქვია. ეს არის ჩემი მოტივაცია“, – განაცხადა გვრიტიშვილმა გასაუბრების დროს.

უცნობია, რატომ მოხსნა გვრიტიშვილმა საკუთარი კანდიდატურა.

12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად 6 მოსამართლე განამწესა, რასაც ოპოზიციის და არამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა არ ჩატარებულა, დაუშვებელი იყო და ეწინააღმდეგებოდა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებას (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება). ამ საფუძვლით, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესში არ ჩაერთო საქართველოს სახალხო დამცველი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რომელიც საქართველოში გუშინ, 19 ივლისს იმყოფებოდა, განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ და ჩართულ მხარეებთან გაიმართა. მშელის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილია და წარმოადგენს საქართველოსადმი ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობას.

უფრო ადრე, 16 ივლისს, მოსამართლეების დანიშვნას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა და თქვა, რომ შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებით.

დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც 2017 წლის ივნისიდან 2021 წლის ივნისამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი იყო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავებას მეორედ ცდილობდა. ის ერთ-ერთი მოსამართლე იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ ათკაციან სიაში, რომელიც 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მხრიდან მწვავე კრიტიკის შედეგად პარლამენტმა კანდიდატების განხილვა გაზაფხულისთვის გადადო. მოგვიანებით ათივე წარდგენილმა მოსამართლემ თავისი კანდიდატურა მოხსნა.

მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლოს სისტემაში გავლენიან, არაფორმალურ მმართველ გუნდს (ე.წ. კლანს) წარმოადგენს. გვრიტიშვილი კლანის არსებობას უარყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]