weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

პანკისში ISIS-ის წევრობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

15:43 ხუთშაბათი, 26 აგვისტო 2021

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით პანკისის ხეობაში დაკავებულ ხუთ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.

სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო, ბრალდებულების ადვოკატებს კი გაუთქმელობის პირობა აქვთ დადებული, რის გამოც საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ საუბრობენ.

უსუფ ცათიაშვილისა და მაგამედ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, ანნა ლილუაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000 ლარის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ისინი ბრალს არ აღიარებენ. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა რამაზ ქავთარაშვილის ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის შუამდგომლობა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ.

საქმის პროკურორის, გიორგი ხაჩიძის თქმით, მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულებმა მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინეს.

„მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლლობა. არსებობდა მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და აქედან გამომდინარე, ყველა ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა ვიდეო, აუდიო და ფოტო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ბრალდებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა, თუმცა არის სხვა მტკიცებულებებიც. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება და მტკიცებულებების მოპოვება. სისხლის სამართლის საქმეზე საკმაოდ ბევრი მოწმეა დაკითხული და ამ ეტაპზე, მათი ვინაობის გასაჯაროება არ იქნებოდა მიზანშეწონილი. მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება და ბუნებრივია, შესაძლოა, გამოიკვეთონ პასუხისგებაში მისაცემი სხვა პირები“, – განაცხადა პროკურორმა.

პანკისის ხეობის სოფლებში – დუისსა და ქორეთში ხუთი პირი 24 აგვისტოს დააკავეს. მათგან სამი 18 წლის არის, ერთი 19-ის. უსუფ ცათიაშვილი, რომელიც, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ღიად ამბობდა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირია, 38 წლისაა. პროკურატურა აცხადებს, რომ რამაზ ქავთარაშვილი, ჰამზათ ბაღაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და მაგამედ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში სწორედ უსუფ ცათიაშვილმა გააწევრიანა.

24 აგვისტოს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ახალგაზრდების დაკავება არჩევნებს დაუკავშირეს დაკავებულების მშობლებმა და სუს-ის მიერ, 3 წლის წინ, სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

„არჩევნების წინ ასე ხდება ხოლმე. აკავებენ ადამიანებს და შემდეგ თითო ოჯახს 200-300 ხმის მოგროვებას ავალებენ“, – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გუშინ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალის ნაწილი გაავრცელა. სუს-ის მტკიცებით, დგინდება რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან.

სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, ამ ფიცს 19 წლის რამაზ ქავთარაშვილი არაბულად წარმოთქვამს, დაკავებულის მამა ალი ქავთარაშვილი კი ამბობს, რომ მისმა შვილმა არაბული არ იცის: „სირიაში გადასვლა თუ უნდოდათ, ჩემი შვილი რამაზი, ჰამზათი და მეორე რამაზი 2-3 თვის წინ თურქეთში იყვნენ სამუშაოდ. სამივე სოფელ ქორეთის მკვიდრია, მეზობლები ვართ. აქედან, პანკისიდან ბევრი დადის თურქეთში ჩაის ან თხილის საკრეფად, რადგან აქ სამუშაო არ არის და შემოსავალი არ გვაქვს. იქიდანვე გადავიდოდნენ. სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და გადმოკვეთეს უპრობლემოდ“.

პროკურატურამ მაგამედ მაჩალიკაშვილს, რამაქ ქავთარაშვილს, ჰამზათ ბაღაკაშვილსა და რამაზ მარგოშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უსუფ ცათიაშვილს ბრალი 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარუდგინეს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]